მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ისრაელი ღაზაში ორგანიზებულ სახელმწიფო ტერორიზმს და ომის დანაშაულებებს ახორციელებს, რაც საერთაშორისო სამართლით ისჯება
მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ისრაელი ღაზაში ორგანიზებულ სახელმწიფო ტერორიზმს და ომის დანაშაულებებს ახორციელებს, რაც საერთაშორისო სამართლით ისჯება

ისრაელი ღაზაში ორგანიზებულ სახელმწიფო ტერორიზმს და ომის დანაშაულებებს ახორციელებს, რაც საერთაშორისო სამართლით ისჯება, – ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა.

სატელევიზიო მიმართვის დროს, მაჰმუდ აბასმა თქვა, რომ პალესტინელები საერთაშორისო სასამართლოების წინაშე უყოყმანოდ გააგრძელებენ მათ დევნას, ვინც ასეთ დანაშაულებს სჩადის.

აბასმა ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობაზე სასტიკ თავდასხმებსა და სახლების განზრახ დაბომბვაში დაადანაშაულა. ისრაელი აცხადებს, რომ მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს ესხმის თავს და შეეცადა, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი თავიდან აერიდებინა.

მიმდინარე წლის დასაწყისში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება ისრაელისა და პალესტინის ჯგუფების მიერ ჩადენილ შესაძლო ომის დანაშაულებზე 2014 წელს, როდესაც მხარეებს შორის მასშტაბური კონფლიქტი მოხდა.