მაჰმუდ აბასი - დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოვლისმომცველი აგრესია პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ
მაჰმუდ აბასი - დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოვლისმომცველი აგრესია პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ისრაელს პალესტინელი ხალხის მიმართ აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოვლისმომცველი აგრესია პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა იორდანიის მეფე, აბდულა II-სთან შეხვედრის დროს.

„ბიბისი“ წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აბასი საჯაროდ საუბრობს გასულ შაბათს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ.

მედიის ცნობით, მაჰმუდ აბასი და იორდანიის მეფე ერთმანეთს შეხვდნენ ამანში, რათა განეხილათ „პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შეჩერების გზები და დახმარების მიწოდება“ ღაზაში.

პალესტინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აბასმა უარყო „პრაქტიკა, რომელიც დაკავშირებულია მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასთან“.

განცხადების თანახმად, აბასმა აღნიშნა, რომ პალესტინელები „უარს აცხადებენ ძალადობაზე და იცავენ საერთაშორისო ლეგიტიმურობას“ და თქვა, რომ ისრაელის ძალებისა და პალესტინელი მებრძოლების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები „ეწინააღმდეგება მორალს, რელიგიას და საერთაშორისო სამართალს“.