მაჰმუდ აბასი - აღმოსავლეთ იერუსალიმი შეიძლება იყოს მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი
მაჰმუდ აბასი - აღმოსავლეთ იერუსალიმი შეიძლება იყოს მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი

აღმოსავლეთ იერუსალიმი შეიძლება იყოს მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი, – ამის შესახებ პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ საბჭოს საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს ჩვენი ქალაქი და ჩვენი მიწაა, ჩვენ მას არ დავტოვებთ“, – განაცხადა აბასმა.

მისი თქმით, ახლა პალესტინელებისთვის ისტორიის საბედისწერო მომენტია, რომელზეც დამოკიდებულია მათი მომავალი.

„ჩვენ არ დავემორჩილებით ვინმეს მითითებებს და არ გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს. „საუკუნის გარიგება“, რომელზეც ამერიკელები საუბრობენ, არ იქნება“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

აბასმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სახეში სილის გარტყმა უწოდა და აღნიშნა, რომ პალესტინა ამას ასევე სილის გარტყმით უპასუხებს.

„პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ საბჭოს ორდღიანი სხდომა რამალაში პალესტინის ნაციონალური საბჭოს თავმჯდომარემ სელიმ ზაანუნმა გახსნა. მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა უნდა მიიღონ გეგმა აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

„პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ საბჭოს სხდომის ლოზუნგია „იერუსალიმის – პალესტინის მარადიული დედაქალაქი“.