მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ირაკლი ღლონტის დაკითხვა მიმდინარეობს
მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ირაკლი ღლონტის დაკითხვა მიმდინარეობს

მეც მაქვს შეკითხვები გამოძიებასთან, მინისტრ გახარიასთან და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, ჩემს კოლეგებთან და საზოგადოებასთან ერთად დავუსვამ მათ ამ კითხვებს, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი ღლონტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

„20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ერთადერთ ინფორმაციას ვფლობ, რომ ეს იყო ანტისაოკუპაციო, ქართველთა ღირსების გამოძახილი მსოფლოს მიმართ, რომ საქართველოში ოკუპანტებს არ მივცემთ თავგასულობას. ეს იყო თავიდან ბოლომდე სრულიად თავისუფალი მოქალაქეების, თვითორგანიზებული, ანტისაოკუპაციო მიტინგი.

მე მართალია, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, როგორც სამართალმცოდნე გამოვცხადდი გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით, თუმცა მე იქეთ მაქვს შეკითხვები გამოძიებასთან, იქეთ მაქვს შეკითხვები მინისტრ გახარიასთან, ოლიგარქ ივანიშვილთან. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, ჩემს კოლეგებთან და საზოგადოებასთან ერთად დავუსვამ შეკითხვებს, რა საჭირო იყო პოლიციის კორდონის მოწყობა გაბრაზებული ხალხის, ემოციური ქართველი ხალხის წინაშე, როდესაც ლითონის კარით არის დაცული, საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუცია პარლამენტი. რა საჭირო იყო ტყვიების სროლა მაშინ, როდესაც შეეძლოთ წყლის ჭავლითაც კი დაეშალათ. თუმცა ესეც ზედმეტი იყო იმიტომ, რომ ზუსტად ამ პოლიციის კორდონის განლაგებამ ლითონის ჭიშკრის მიღმა, შეიძინა შემდგომში პროვოკაციული ხასიათი“. – განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

ირაკლი ღლონტის თქმით 20 ივნისის აქცია იყო თვითორგანიზებული. რაც შეეხება ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს აქციის ღამეს, ღლონტი აცხადებს, რომ განცხადებების ნაწილს იზიარებს.

„ნიკა მელიას რიგ მოწოდებებს ვიზიარებ, მისი როგორც კოლეგა, რიგ მოწოდებებს, რა თქმა უნდა, არა. პარლამენტში შესვლის შესახებ განცხადებას რაც შეეხება, ყველა ვიყავით თანახმა შევხვედროდით ვიცე- პრემიერს,  გიორგი გახარიას. ჩემთვის გაუგებარი დარჩა, რატომ გადაიფიქრეს და რატომ დაარბიეს ჩვენი თავისუფალი ხალხის ანტისაოკუპაციო მიტინგი. ძალიან მალე ამ კითხვებზე საზოგადოება მიიღებს პასუხს.

აქცია იყო თვითორგანიზებული თავიდან ბოლომდე. რაც არ უნდა ეცადოს ნებისმიერი სხვადასხვა პარტიულად ანგაჟირებული ან მავნე ზრახვების მქონე სუბიექტები, ვერ შეძლებენ ამ აქციის დესტრუქციულად მონათვლას. ეს აქცია იყო მსოფლიოს მასშტაბით, ქართველი ხალხის გამოძახილი, რომ საქართველოში გავრილოვს და პუტინს ვერ ექნება დასაყრდენი“, – განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე. დაკითხვაზეა დაბარებული მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა და ირაკლი ოქრუაშვილი.