მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო თასის ტურთან ერთად, სახალისო მედიატურნირი ჩატარდა #1TVSPORT
19- 25 სექტემბერს თბილისმა მაგიდის ჩოგბურთში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასის ტურს უმასპინძლა, რომელშიც სხვადასხვა ასაკის 18 ქვეყნის 125 სპორტსმენი მონაწილეობდა, დასკვნით დღეს კი სამოყვარულო მედიატურნირიც ჩატარდა.
ტურნირის ორგანიზებაზე იზრუნეს საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნულმა ფედერაციამ (პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე) და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა (პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი).
სპორტის ეს ყველაზე დემოკრატიული და მასობრივი სახეობა მედიის წარმომადგენლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამჯერადაც 18 მონაწილეს მოუყარა თავი. ყველაზე მეტი წარმომადგენელი „სილქ მედიას“ ჰყავდა – 8 მონაწილე და გასაკვირი არაა, რომ საპრიზო პედესტალზე სწორედ ამ მედიაკომპანიის ორი წარმომადგენელი აღმოჩნდა.
თუმცა, გამარჯვება goal.ge-ს წარმომადგენელს, ბაჩო ცალუღელაშვილს დარჩა, რომელმაც „სილქ მედიას“ ზურაბ თალაკვაძე 4 სეტში, ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მესამე ადგილი კი ტატო ბაციკაძემ დაისაკუთრა. ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორები ორგანიზატორებმა ფულადი პრემიებით დააჯილდოვეს.
„მედია ჩვენი ფონდის ყველა წამოწყების აქტიური მხარდამჭერი, პარტნიორი და გამშუქებელია. დღეს კი კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართველი სპორტული ჟურნალისტები არც უშუალოდ სპორტულ პაექრობებში ჩაბმას და ასპარეზობას ერიდებიან. ტურნირმა აზარტულ, კონკურენტულ და მხიარულ გარემოში ჩაიარა და მოხარულები ვართ, რომ ასეთი დასამახსოვრებელი და სახალისო ტურნირის ორგანიზება შევძელით. სამომავლოდაც, სპორტის სხვადასხვა სახეობაში არაერთ მედიატურნირს ჩავატარებთ“, – აცხადებს ფონდის გენერალური დირექტორი, ვასო ლიპარტელიანი.