მაგიდის ჩოგბურთი - 13 წლის ანასტასია ჩხარტიშვილი საერთაშორისო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
29-31 ივლისს ქალაქ ალბენაში (ბულგარეთი) მაგიდის ჩოგბურთში საერთაშორისო, ყოველწლიური ტურნირი გაიმართა.
წელს ტურნირში 8 ქვეყნის (იტალია, თურქეთი, რუმინეთი, უკრაინა, ბულგარეთი, საქართველო, ყაზახეთი და მოლდოვა) სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
საქართველოს სახელით რამდენიმე ახალგაზრდა სპორტსმენმა იასპარეზა, მათ შორის იყო საქართველოს ამჟამინდელი ჩემპიონი U15 და U17 გოგონათა შორის – 13 წლის ანასტასია ჩხარტიშვილი, რომელმაც ფინალური ბრძოლა მასპინძელთან, ბულგარეთის ჩემპიონ ანიტა პეტკოვასთან დათმო და U19 გოგონათა შორის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა. წინა დღეს კი ჯგუფურ ეტაპზე ანასტასიამ ანიტა პეტკოვა ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ თბილისში (მიმდინარე წლის 19-25 სექტემბერს) სპორტკომპლექს „არენა II“-ში ჩატარდება მსოფლიო თასის ეტაპი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მსოფლიო რეიტინგის უძლიერესი ახალგაზრდა მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას.