მაღალმთიან აჭარაში გზის თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მაღალმთიან აჭარაში გზის თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიანეთში თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

„ხულო-ადიგენის მიმართულებით, კურორტ გოდერძამდე საღამოს საათებშიც კი მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადმინისტრაციულ ცენტრებამდე პრაქტიკულად ყველგან გაწმენდილია გზა, ასევე სოფლების მიმართულებით. მუშაობა გრძელდება და მალე მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე შეძლებს გადაადგილებას ადგილობრივი მოსახლეობა და კურორტ გოდერძისკენ მიმავალი ტურისტები. ასევე, ელექტრომომარაგების კუთხითაც იყო გარკვეული შეფერხება. თუმცა, კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად აღმოფხვრილია ყველა პრობლემა და ელექტრომომარაგება ძალიან მალე აღდგება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია, 15 ერთეული ტექნიკა აქტიურად ახორციელებს გზის გაწმენდის სამუშაოებს. ამ დროისთვის 30-მდე სოფლის გზა მოწესრიგდა.

მათივე ცნობით, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნკუდაში, უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილი მეწყრის გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად განხორციელდა. თოვლის საფარისგან გაიწმინდა გზები.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა თოვლის საფარის წმენდას 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს.