გამოცდიდან მოხსნილ ორ აბიტურიენტს „პისიარ“კვლევით კორონავირუსი არ დაუდასტურდა და გამოცდებში ჩაერთვებიან
გამოცდიდან მოხსნილ ორ აბიტურიენტს „პისიარ“კვლევით კორონავირუსი არ დაუდასტურდა და გამოცდებში ჩაერთვებიან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, საგამოცდო პროცესმა დღეს მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

მისივე თქმით, დღეს გამოცდებზე აბიტურიენტების 95 პროცენტი გამოცხადდა.

„ჩვენ ამ პროცესზე დაკვირვება დავიწყეთ თელავის საგამოცდო ცენტრიდან. ისევე როგორც გუშინ, დღესაც გვაქვს 95 პროცენტიანი გამოცხადების მაჩვენებელი. ასევე, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ორი დაგვიანების შემთხვევა. სხვა მიზეზით არც ერთი აბიტურიენტი არ მოგვიხსნია გამოცდიდან“, – განაცხადა გორგოძემ.

გორგოძის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით სარეზერვო სივრცეში მოთავსდა 10 აბიტურიენტი, რომლებსაც დაშვებულ ზღვარამდე ჰქონდათ ტემპერატურა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გორგოძის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის გამო, გამოცდიდან მოხსნილ ორ აბიტურიენტს „პისიარ“კვლევით კორონავირუსი არ დაუდასტურდა და გამოცდებში ჩაერთვებიან.

„რაც შეეხება იმ ორ აბიტურიენტს, რომლებიც გამოცდების პირველ დღეს სიცხის გამო მოიხსნენ ტესტირებიდან, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ წელსვე მიიღონ გამოცდებში მონაწილეობა. გამოცდების მიმდინარეობის პროცესშივე ჩაერთვებიან ისინი. მათ ჩაუტარდათ „პისიარ“ ტესტირება და საბედნიეროდ, კოვიდინფექცია არ აღმოაჩნდათ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

ამასთან, სოფო გორგოძემ განაცხადა, რომ მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საგნის გამოცდაზე, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 9 ივლისის 12:00 საათიდან შეეძლებათ.

„საგამოცდო ბარათებზე დატანილია ინფორმაცია მათი ტესტირების, დროის, თარიღის მათი საგამოცდო ცენტრისა და რეგისტრაციის დროის შესახებ“, – დასძინა სოფო გორგოძემ.