მაგდებურგში, სადაც სამი დღის წინ ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე მოქალაქეებს დაეჯახა, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდამჭერებისა და მათი მოწინააღმდეგეების აქციები გაიმართა
მაგდებურგში, სადაც სამი დღის წინ ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე მოქალაქეებს დაეჯახა, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდამჭერებისა და მათი მოწინააღმდეგეების აქციები გაიმართა. ერთ აქციაზე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა შეკრა ცოცხალი ჯაჭვი თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ლოზუნგით „არა სიძულვილს და ფაშიზმს!“, ხოლო „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდამჭერებმა მოედანზე მოაწყვეს დემონსტრაცია, სადაც ზოგიერთი მონაწილე მიგრანტების დეპორტაციას ითხოვდა.
ცნობისთვის მაგდებურგში თავდასხმა 20 დეკემბერს მოხდა, როდესაც BMW-ს მარკის ავტომობილი დიდი სიჩქარით შევარდა ხალხში საშობაო ბაზრობაზე. დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბიჭი და 200-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა.
მძღოლი საუდის არაბეთის 50 წლის მოქალაქეა, რომელმაც გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი 2006 წელს მიიღო, იყო ფსიქიატრი. იგი სოციალურ ქსელებში აკრიტიკებდა გერმანიის ხელისუფლებას და პოლიციას, ბრალს სდებდა მათ „ყოფილი მუსლიმების“ წინააღმდეგ ბრძოლაში და ამტკიცებდა, რომ გერმანია თანამშრომლობს საუდის არაბეთთან „ევროპის ისლამიზაციისთვის“.