მადრიდში 87 წლის ქალის ბინიდან გამოსახლების გამო, ათიათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა, აქციის მონაწილეები საბინაო კრიზისის მოგვარებას ითხოვენ
მადრიდში ათიათასობით ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა.
როგორც მედია წერს, აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ 87 წლის ქალის გამოსახლებას ბინიდან, სადაც ქალმა მთელი ცხოვრება გაატარა. ბინიდან მარიკარმენ აბასკალის საკაცით გამოყვანის კადრებმა ესპანეთში საცხოვრებლის კრიზისის საკითხი 2027 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კვლავ აქტუალური გახადა.
ამასთან, ესპანური მედიის ცნობით, 87 წლის აბასკალის მამამ საცხოვრებელი პირველად 1956 წელს იქირავა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ აბასკალმა ბინაში ცხოვრება გააგრძელა, რომლის ქირის ოდენობაც იმ პერიოდში კანონით იყო შეზღუდული. 2018 წელს შენობას მფლობელი შეეცვალა და ბინა საინვესტიციო ფონდმა, Urbagestion-მა შეიძინა. კომპანიამ ქირა 500 ევროდან 2 650 ევრომდე გაზარდა.
მადრიდის ცენტრალურ რაიონებში გამართული მსვლელობისას დემონსტრანტები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ ფასების ზრდის შესაკავებლად ზომების მიღებას, თაღლითობის წინააღმდეგ უფრო მკაცრი წესების შემოღებას და ალტერნატიული საცხოვრებლის შეთავაზების გარეშე გამოსახლების აკრძალვას.
ხელისუფლების შეფასებით, ესპანეთში საცხოვრებლის მზარდი კრიზისის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში დაახლოებით 25 000 ადამიანი მონაწილეობდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით კი, დემონსტრაციაში 300 000-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.