მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადების ინიციატორებს ბლანკები გადაეცათ
მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადების ინიციატორებს ბლანკები გადაეცათ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძისა და კიდევ ათი მაჟორიტარი დეპუტატის საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, რომელსაც მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადების დასარეგისტრირებლად ხელმოწერების შეგროვებისთვის სპეციალური ბლანკები გადასცეს.

მაჟორიტარების ნაწილი 2024 წლისთვის შერეული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვენ. შესაბამისი ცვლილებების ინიცირებას საპარლამენტო უმრავლესობის დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებების დასარეგისტრირებლად კი მაჟორიტარებს ოთხი თვის განმავლობაში მინიმუმ 200 000 ხელმოწერის შეგროვება მოუწევთ.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საკითხზე საერთო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, გუნდის საბოლოო პოზიცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ პროცედურები გავიარეთ და მზად ვართ, მოსახლეობაში გავიდეთ, უმრავლესობაშიც იხილება საკითხი, რომ საერთო შეთანხმებს მივაღწიოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. პოზიციები დაახლოებულია, მაგრამ საბოლოო ფორმულირებულ შეთანხმებაზე ჯერ ჩამოყალიბებულნი არ ვართ. თუკი საბოლოოდ  შევთანხმდებით, ჩვენს სტრატეგიას, რა თქმა უნდა, გადავხედავთ.  ჩვენ გვაქვს ისეთი თხოვნები და მოთხოვნები, რომლებიც კომპრომისს არ ექვემდებარება. მაგალითად, არ არსებობდეს საკონსტიტუციო ჩანაწერები, რომლებიც ნოყიერ ნიადაგს ქმნიან ქვეყნის არასტაბილური განვითარებისათვის,  ახალისებენ დესტრუქციულ ძალებს, რომ მუდმივად განახორციელონ ზეწოლა, როგორც საჯარო სექტორზე, ასევე მოსახლეობაზე – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.