მადი ჩანტლაძე - მოსამართლეს უნდა შეექმნას ყველანაირი პირობები და ეს პროცესები დაწყებულია
მადი ჩანტლაძე - მოსამართლეს უნდა შეექმნას ყველანაირი პირობები და ეს პროცესები დაწყებულია

სულ მოვუწოდებდი, გავერთიანდეთ კანონის შესაბამისად და გვქონდეს რაღაც ორგანო, სადაც მოსამართლეები დაიცავენ საკუთარ თავისუფლებას, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მადი ჩანტლაძემ, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს კანდიდატი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძის ერთ-ერთ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ „ის არის სასამართლოს ლიდერი“.

„ტელევიზიით ვაკვირდებოდი, თუ რა ხდებოდა 2013 წელს და ვხედავდი, რომ მოსამართლეები ქმნიდნენ თვითმმართველობის ორგანოს. სულ ამას ვამბობდი საოლქო სასამართლოში, მიხედეთ თავს, თორემ ყველანი დავიშლებით და ყოველთვის იქნება ჩვენზე შემოტევები ნებისმიერი შტოსგან-მეთქი. სულ ამას მოვუწოდებდი, გავერთიანდეთ კანონის შესაბამისად და გვქონდეს რაღაც ორგანო, სადაც მოსამართლეები დაიცავენ თავიანთ თავისუფლებებს. ამას ვერასდროს ვხედავდი საოლქო სასამართლოში. როდესაც მე ეს დავინახე, რომ მოსამართლეები უკვე თვითმმართველობის ორგანოს ქმნიდნენ, ეს ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო, გამიხარდა და გამიჩნდა უკან დაბრუნების სურვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ეს სურვილი არ გამიჩნდებოდა და ვიფიქრებდი, რომ ახლა კიდევ სხვა ხელისუფლება მოვა და ისინი კიდევ ხელახლა გაატარებენ რეფორმებს. მოსამართლეს უნდა შეექმნას ყველანაირი პირობები და დაწყებულია ეს პროცესები. თქვენს შეკითხვას თავს არ ავარიდებ – ამ დროს გამოდის ადამიანი და ამბობს, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ნანახი მაქვს, ხორვატიაში მოსამართლეები როგორ იდგნენ ერთად – ომი ახალი დამთავრებული იყო, თითქმის ყველა ინსტიტუცია მორყეული იყო, ერთადერთი სასამართლოს ვერ უქნეს ვერაფერი“, – განაცხადა მადი ჩანტლაძემ.