მადაგასკარში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
მადაგასკარში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

მადაგასკარში პრეზიდენტის, ანდრი რადზუელინას გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

აქციაზე დემონსტრანტებს ხელში ეკავათ პლაკატები წარწერით: „გვჭირდება წყალი, გვჭირდება ელექტროენერგია, რადზუელინა – გადადექი“.

მადაგასკარში წყალმომარაგებასა და ელექტროენერგიის მიწოდებაში არსებული პრობლემების გამო დემონსტრაციები სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ფენოარივოში, მაჰაჯანგაში და დიეგო სუარესში გაიმართა.

ე.წ. Gen Z თაობის აქციები ქვეყანაში რამდენიმე დღეა, უწყვეტ რეჟიმში იმართება ლოზუნგით – „ჩვენ გვინდა ცხოვრება და არა გადარჩენისთვის ბრძოლა“.

გაერო-ს ინფორმაციით, გასულ კვირას დაწყებული საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა, სულ მცირე, 22 ადამიანი და 100-ზე მეტი დაშავდა.  ამ მონაცემებს მადაგასკარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეჭვქვეშ აყენებს. მათი განცხადებით, ეს სტატისტიკური მონაცემები დაფუძნებულია „ჭორებსა და დეზინფორმაციაზე“.

ცნობისთვის, მადაგასკარის მოქმედი პრეზიდენტი ანდრი რადზუელინა მთავრობაში 2009 წელს გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად მივიდა. ის მესამე ვადით 2023 წელს აირჩიეს.