მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება
მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება

ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, მონიტორინგის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება, პარალელურად კი, კვლევის პროცესი გაგრძელდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ, მერიის შენობაში გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყრული პროცესების განხილვა. ბენდელიანის განცხადებით, შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები სხვადასხვა უწყებიდან, ასევე, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები.

„შეხვედრაზე გავიარეთ ყველა ის საკითხი, რომელიც მიმდინარე პროცესების გადაჭრის გზებთან იყო დაკავშირებული. ასევე, შევთანხმდით, რომ მომდევნო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უკვე გვექნება კონკრეტული პირველადი მონაცემები შემდგომში განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული პროცესის გააქტიურების დღიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, სამუშაო ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაზე მივიღეთ გადაწვეტილება, მოხდეს სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს. სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები დაახლოებით კვირის ბოლოსკენ გვექნება.

ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ის შეზღუდვები, რომელიც გვქონდა მიმდებარე არეალზე, კვლავ ძალაში რჩება. მინდა, მოვუწოდო ყველას, დაიცვან ეს წესები“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

დატოვე კომენტარი