მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აგვისტოს ბოლომდე ორმხრივად აღდგება
მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აგვისტოს ბოლომდე ორმხრივად აღდგება

მაჭავარიანის ქუჩაზე გამოვლენილ მეწყრულ ზონაში, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება განხორციელდა, ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სპეციალური სისტემების საშუალებით, დღემდე 24-საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა დროებითი სტაბილურობა. ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო პროექტის ფარგლებში, ფერდის გამაგრება ე.წ. ანკერების, მიწის მოჭრისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოების საშუალებით ხორციელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით, კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ასრულებს. მინდა, მას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც, შესაძლებელი იქნება მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის ორმხრივად აღდგენა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე და უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვით“, – განაცხადა თბილისის მერმა.