მაჩალიკაშვილის მამა - გამოძიებას ამ ეტაპზე ნდობას ვუცხადებ, თუ არ გაამართლებს, მერე არ ვიცი
მაჩალიკაშვილის მამა - გამოძიებას ამ ეტაპზე ნდობას ვუცხადებ, თუ არ გაამართლებს, მერე არ ვიცი

ამ ეტაპზე გამოძიებას ნდობას ვუცხადებ თუ არ გაამართლებს, მერე არ ვიცი, – ამის შესახებ ​თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სპეცოპერაციის დაგეგმვიდან შესრულებამდე ყველა დეტალის გამოძიება უნდა მოხდეს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

პანკისის ხეობაში “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჩავიდა, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ აღნიშნული განცხადება შალვა ნათელაშვილთან საუბრის დროს გააკეთა.

„სანამ პირში სული მიდგას, ეშმაკად მივევლინები მაგ ადამიანს, მაინც მიწიდან ამოვთხრი. ისე ნუ გააკეთებენ, ოჯახიანად ამოვწყვიტო. მე ვთხოვ სახელმწიფოს, მოვითხოვ გასამართლდეს და მაგის სახე დავინახო.  მე მივითხოვ მაგათ დასჯას და ასევე მთელი პანკისის ხეობა. გამოიძიონ ყველაფერი, ოპერაციის დაწყებიდან ბოლო წერტილამდე. ამ ეტაპზე გამოძიებას ნდობას ვუცხადებ, მაგრამ თუ არ გაამართლა ეს ნდობა,  მერე არ ვიცი”,-აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობის სოფელ დუისში დღეს დაკრძალავენ.