ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანელი კოლეგის განაწყენება არ სურდა
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანელი კოლეგის განაწყენება არ სურდა

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიერ ბეტელი აცხადებს, რომ მას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განაწყენება არ სურდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

საქმე ეხება პრესკონფერენციას, რომელიც ბეტელმა ბორის ჯონსონის გარეშე ჩაატარა. რამდენიმე დღის წინ ბორის ჯონსონი ვიზიტით ლუქსემბურგში იმყოფებოდა პრემიერის რეზიდენციასთან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ, რის გამოც ჯონსონმა ლუქსემბურგელ კოლეგას პრესკონფერენციის ადგილის შეცვლა მოსთხოვა.

ლუქსემბურგის პრემიერის ადმინისტრაციამ ბორის ჯონსონის თხოვნა არ გაითვალისწინა და პრესკონფერენცია მაინც რეზიდენციის ეზოში ჩატარდა, ბრიტანეთის პრემიერის გარეშე. მოგვიანებით ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.

პრემიერის თქმით, მხოლოდ ცარიელ ტრიბუნასთან და ბრიტანეთის დროშასთან ერთად პრესკონფერენცია დაგეგმილი არ იყო და ბორის ჯონსონის თხოვნა იმიტომ ვერ გაითვალისწინეს, რომ რეზიდენციის შენობაში 140 აკრედიტებული ჟურნალისტის ადგილი არ არის.