ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან მარტინსის თამაშს იმედოვნებს, ოლივიე ტილიც მზადაა #1TVSPORT
ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან მარტინსის თამაშს იმედოვნებს, ოლივიე ტილიც მზადაა #1TVSPORT

ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა საქართველოსთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა, მაგრამ გუნდის ზოგიერთი წევრის საკითხი ჯერ კიდევ კითხვებს ბადებს.

„გერსონ როდრიგესი ნაკრებში გამოძახეს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდება წაუყენეს. ბოსნიური „ჟელეზნიჩარის“ ნახევარმცველი ვაჰიდ სელიმოვიჩი ნაკრებში ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. პოლონური „რესოვიას“ თავდამსხმელმა ედვინ მურატოვიჩმა კი ნაყოფიერი თამაშების შემდეგ (6 მატჩი, 3 გოლი) ეროვნულ გუნდში ადგილი მოიპოვა“, – წერს LuxembourgFooty.

გამოცემა lequotidien-ი კი დაინტერესდა ვენის „აუსტრიის“ ტრავმირებული ცენტრალური მცველის, მარვინ მარტინსის მდგომარეობით, რომელიც ჰოლცის გუნდის საკვანძო ფიგურაა.

„ლუქსემბურგს ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი აქვს – საქართველოს წინააღმდეგ 21 მარტს თბილისში 55 000 მაყურებლის წინაშე ითამაშებს. ამ მატჩში მივიღებთ ყველაფერს ან არაფერს.

ლუკ ჰოლცის შემადგენლობაშია მარვინ მარტინსი (ვენის „აუსტრიის“ ცენტრალური მცველი), მაგრამ იქნება კი სათამაშოდ მზად? თავიდან წარმოუდგენლად ჩანდა, რომ მარტინსი მოედანზე გასვლას შეძლებდა, თუმცა იმედი არის. ოლივიე ტილის (უკრაინული „ჩერკასის“ ცენტრალური ნახევარმცველი) თამაშიც ტერფის ტრავმის გამო საეჭვო იყო და ეს კითხვა უკვე მოიხსნა. ის ითამაშებს.

გუნდს ვერ დაეხმარება დისკვალიფიცირებული დანელ სინანი („სანკტ-პაულის“ თავდამსხმელი), ხოლო ვინსენტ ტილს (აზერბაიჯანული „საბაჰის“ ფლანგის შემტევი) ჯვარედინი იოგები დაუწყდა.

სხვა მნიშვნელოვანი დანაკლისია დირკ კარლსონი (ავსტრიული „სანკტ-პელტენის“ მარცხენა შემტევი – კუნთების პრობლემები) და ტიმოტე რიპილი (გერმანული „მაინცის“ ნახევარმცველი – მოტეხილობა)“, – ვკითხულობთ lequotidien-ში გამოქვეყნებულ წერილში.