ლუქსემბურგის მთავრობას 12 წლის ქართველი მოზარდის დეპორტაციის გამო აკრიტიკებენ
ლუქსემბურგის მთავრობას 12 წლის ქართველი მოზარდის დეპორტაციის გამო აკრიტიკებენ

ლუქსემბურგის მთავრობას 12 წლის ქართველი მოზარდის დეპორტაციის გამო აკრიტიკებენ.

ლუქსემბურგის იმიგრაციის მინისტრი ჟან ასელბორნი 12 წლის ქართველი მოზარდის დეპორტაციას გამოეხმაურა. ჟან ასელბორნის განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქმე ეხება ქართველი არასრულწლოვანის და მისი დედის იძულების წესით დეპორტაციას სამშობლოში, რასაც სოციალურ ქსელებში ლუქსემბურგის მთავრობის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

მინისტრის განმარტებაში ნათქვამია, რომ დეპორტაცია 12 ოქტომბერს მართლაც შედგა, თუმცა ასელბორნის თქმით, მთავრობას სხვა გზა არ ჰქონდა.

„იძულების წესით სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ დეტალური შემოწმების შემდეგ ხდება და ეს არის უკანასკნელი, რასაც მთავრობა აკეთებს, განსაკუთრებით თუ საქმე არასრულწლოვანს ეხება. ასე მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, იყო განხილული ყველა შესაძლო ალტერნატიული გზა, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნულ პირებს დოკუმენტებში მათი ვინაობისა და ოჯახში არსებული სიტუაციის შესახებ ყალბი ინფორმაცია ჰქონდათ მითითებული, იძულების წესით დეპორტაციის გარდა, სხვა შესაძლებლობა გამოირიცხა”, – ნათქვამია ლუქსემბურგის იმიგრაციის მინისტრის ვებ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ასელბორის განცხადებაში დეპორტირებული მოქალაქეების ვინაობა დასახელებული არ არის.