ლუხუმ ჩხვიმიანი მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებებით ტაკატოსთან დამარცხდა და რეპეშაჟიდან შეეცდება მედლის მოპოვებას [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე ქართველებიდან პირველი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) ჩაერთო.
პირველი გამარჯვების შემდეგ ქართველი ძიუდოისტი იაპონელ, სამგზის მსოფლიო ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოს შეხვდა და მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებების გამო დამატებით დროში დამარცხდა. ლუხუმმა მესამე გაფრთხილება დამატებითი დროის 3:37-ე წუთზე მიიღო.
ლუხუმი ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე შემდეგ დღეებში ჩვენი ქვეყნის სახელით ძიუდოისტთა ტურნირზე მედლების მოპოვებას კიდევ რვა სპორტსმენი შეეცდება: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).
ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ძიუდოს ტურნირის წინასწარი შეხვედრები 06:00 დაიწყო, ფინალური ბლოკი კი – 12:00 საათზე გაიმართება.