ლუკაშენკომ უკრაინა ბავშვთა საფეხბურთო გუნდის ავტობუსზე დრონით თავდასხმაში დაადანაშაულა - „ვინმე თუ ცდილობს ომში ჩვენს ჩათრევას, ძვირი დაუჯდებათ“
ლუკაშენკომ უკრაინა ბავშვთა საფეხბურთო გუნდის ავტობუსზე დრონით თავდასხმაში დაადანაშაულა - „ვინმე თუ ცდილობს ომში ჩვენს ჩათრევას, ძვირი დაუჯდებათ“

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშნეკომ უკრაინა ბრიანსკში ბელარუსულ ავტობუსზე დრონებით შეტევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ლუკაშენკომ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობასთან თათბირზე განაცხადა.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მინსკი არ ჩქარობს დასკვნის გაკეთებას, თუმცა, მისივე თქმით, თავდასხმა უკრაინული დრონით მოხდა.

„ჩვენ მკაფიოდ ვახდენთ ფაქტის კონსტატაციას, რომ ეს იყო უკრაინული დრონი. უკრაინელებმა გვიპასუხეს ჩვენს პრეტენზიებზე, რომ ასეთ დრონებს ბევრი ყიდულობს. მათ თქვეს, რომ თავდასხმა მათ არ მოუწყვიათ, თქვეს, რომ ეს დრონი ვიღაცამ იყიდა ან, შეიძლება, ეს პროვოკაციაა. იქამდეც კი მივიდა საქმე, თითქოსდა რუსებმა გააკეთეს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა სამხედროებს დაავალა, გამოიძიონ ინციდენტის დეტალები.

„ვინმე თუ ცდილობს ჩვენს პროვოცირებას და ომში ჩათრევას, ეს მათ ძვირად დაუჯდებათ. ვიღაცას არ მოსწონს, რომ ბელარუსი მშვიდი ქვეყანაა და ამიტომაც ხდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, უკრაინის სამხედრო სარდლობამ უარყო ბრალდებები ბრიანსკის ოლქში ბავშვთა საფეხბურთო გუნდის ავტობუსზე დრონით თავდასხმის შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ეს ბრალდებები „სიმართლეს არ შეესაბამება“.

„აღნიშნულ პერიოდში უკრაინის თავდაცვის ძალებს ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატები არ გამოუყენებიათ. ასეთ განცხადებებს კრემლის კიდევ ერთ საინფორმაციო პროვოკაციად ვაფასებთ. იმის გამო, რომ რუსეთი ვერ აღწევს დასახულ მიზნებს ბრძოლის ველზე და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის, იგი სულ უფრო ხშირად მიმართავს საინფორმაციო მანიპულაციებსა და უკრაინის წინააღმდეგ ბრალდებების შეთხზვას“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბრიანსკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ 17 ივნისს ოლქში დრონი ავტობუსს მოხვდა, რომელშიც ბელარუსელ ბავშვთა საფეხბურთო გუნდი იმყოფებოდა. შედეგად, დაიღუპა ბავშვების თანმხლები ქალი, დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. მისი თქმით, ქალაქ გომელის ფეხბურთელები დასასვენებლად მიემგზავრებოდნენ კრასნოდარის მხარეში მდებარე ქალაქ გელენჯიკში. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ დრონის დარტყმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს და საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღიძრა.