ლუკა ლოჩოშვილი – სასიხარულოა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი და მხარდაჭერა მაინც იქნება #1TVSPORT

01:19, 23.09.2026

საქართველოს ნაკრების და ბუნდესლიგის „კიოლნის“ მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა ერთა ლიგის მოახლოებული მატჩებისთვის მზადებასა და ახალი სეზონის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. ამ ტურნირზე კარგი შედეგის შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების მეტი შანსი გვექნება. ასევე, ეს მნიშვნელოვანი მოსამზადებელი პერიოდია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. თითოეულ ფეხბურთელს კარგად გვაქვს გათავისებული ამ მატჩების მნიშვნელობა.

კარგი იქნებოდა, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩზე მაყურებლის დასწრება შესაძლებელი ყოფილიყო. სასიხარულოა, რომ სტადიონზე გარკვეული რაოდენობის ბავშვები, ახალგაზრდა ფეხბურთელები იქნებიან. მუხტი და მხარდაჭერა მაინც იქნება. უკრაინასთან კი გაცილებით მეტი გულშემატკივარი გვეყოლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

ვეცდებით, ერთა ლიგა მაქსიმალურად კარგად დავიწყოთ. ზედიზედ ოთხი მატჩის ჩატარება ადვილი არ იქნება, თუმცა პროფესიონალურ დონეზე ეს ნორმალური პროცესია. შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გავიადვილოთ საქმე“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მცველი.

მსგავსი