ლუკა ლოჩოშვილი – ბუნდესლიგაში თამაშის შესაძლებლობა ძალიან მახარებს #1TVSPORT
„კიოლნმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლუკა ლოჩოშვილი კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს.
„ახალ სეზონში „კიოლნის“ პირველი შენაძენი ლუკა ლოჩოშვილია. 28 წლის ცენტრალური მცველი კლუბს მეორე ბუნდესლიგის „ნიურნბერგიდან“ შეუერთდა და კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა. გასულ სეზონში მან მეორე დივიზიონში 33 მატჩი ჩაატარა (5 გოლი, 2 საგოლე გადაცემა) და მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი უძლიერესი მცველი იყო.
1.92 მეტრი სიმაღლის მცველი „დინამო თბილისის“ შემდეგ უკრაინაში, სლოვაკეთში, ავსტრიასა და იტალიაში თამაშობდა. გასულ ზაფხულს კი „ნიურნბერგში“ გადავიდა. მას საქართველოს ნაკრებში 32 მატჩი აქვს ჩატარებული. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში ესპანეთის წინააღმდეგ (1:4) ითამაშა „რეინ ენერგი შტადიონზე“, რომელიც ახალი სეზონიდან მისი საშინაო არენა იქნება“, – წერს გერმანული კლუბის ვებგვერდი და ლუკა ლოჩოშვილის კომენტარს აქვეყნებს.
„როგორც ფეხბურთელს, ყოველთვის გინდა, საუკეთესო დონეზე ითამაშო. სწორედ ამიტომ მიხარია, რომ შემიძლია შემდეგი ნაბიჯი ბუნდესლიგაში გადავდგა. „კიოლნის“ მენეჯერებთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. დამარწმუნეს, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. მოუთმენლად ველი, როდის შევუერთდები დიდ, ტრადიციულ კლუბს და შესანიშნავ გულშემატკივრებს“, – ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.