ლუკა ლაცაბიძემ, შესაძლოა, ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშოს #1TVSPORT
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის „ტორპედო“ ლუკა ლაცაბიძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და, შესაძლოა, დანიური „ვეილესა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა კარიერა კვლავ ეროვნულ ლიგაში გააგრძელოს.
არსებული ცნობებით, ლუკა ლაცაბიძესა და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა და მხოლოდ ბოლო დეტალების შეთანხმებაღაა დარჩენილი. თუ საბოლოო შეთანხმება შედგება, 22 წლის ცენტრალური მცველი საქართველოში დაბრუნდება.
ლუკა ლაცაბიძე 9 წლიდან თბილისის „დინამოს“ აკადემიაში იზრდებოდა. 2022 წელს, 17 წლის ასაკში, მან „დინამოს“ მთავარ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, სეზონის ბოლოს კი, ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციულ დაჯილდოებაზე, 19-წლამდელთა შორის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
2024 წლის 4 თებერვალს დონეცკის „შახტარმა“ ლაცაბიძესთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით ჯერ ოდესის „ჩერნომორეცში“ გაანათხოვრეს, ხოლო 2026 წლის 2 თებერვალს – დანიურ „ვეილე ბოლდკლუბში“. აღსანიშნავია, რომ მას დანიის სუპერლიგის გუნდის რიგებში არ უთამაშია.
ლაცაბიძემ 21-წლამდელთა ნაკრებში სადებიუტო შეხვედრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში ჩაატარა და გუნდს ფინალურ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა, თუმცა, ტრავმის გამო, უშუალოდ ტურნირი გამოტოვა.
ქუთაისური კლუბის გენერალურმა დირექტორმა, დავით დოლაბერიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა, რომ „ტორპედო“ კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე გაძლიერებას როგორც ლეგიონერებით, ასევე საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მოთამაშეებით გეგმავს.