ლუკა ეხვაია - დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში სიმბოლურია იმ გაგებით, რომ ევროპა აღარ არის მშვიდობისმყოფელი კონტინენტი, რომელიც გვახსოვს და რომელსაც ჰქონდა დიდი პოლიტიკური წონა
ლუკა ეხვაია - დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში სიმბოლურია იმ გაგებით, რომ ევროპა აღარ არის მშვიდობისმყოფელი კონტინენტი, რომელიც გვახსოვს და რომელსაც ჰქონდა დიდი პოლიტიკური წონა

როდესაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გააკეთა განცხადება და, უბრალოდ, მოხაზა კონტურები, თუ რა შეიძლება იყოს სამშვიდობო შეთანხმება, ეს არის ერთგვარი სიგნალი, თუ რაზე იქნება საუბარი საუდის არაბეთში, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარმა, პოლიტოლოგმა ლუკა ეხვაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პირველ რიგში, ჰეგსეტმა თვალი გაუსწორა რეალობას. ამდენი ხნის ილუზიური წარმოდგენები ნელ-ნელა იმსხვრევა და პირდაპირ ითქვა, თუ რუსეთის ორ ძალიან მკაცრ ულტიმატუმს არ დააკმაყოფილებს აშშ, ვერანაირი შეთანხმება ვერ მიიღწევა. პირველი, ეს არის ის, რომ უკრაინა უნდა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო და მეორე არის ის, რომ 2014 წლამდე ტერიტორიები, უბრალოდ, ვერ აღდგება და ამაზე საუბარი არარეალისტურია. ეს ჰეგსეტმა ძალიან მკაფიოდ თქვა. არ მგონია, საერთოდ განხილვის საგანი იყოს რუსეთის მხრიდან, რადგან ლავროვიც და მთელი რუსული ელიტაც ამბობს ერთ ძალიან მარტივ რამეს, მოლაპარაკებების საკითხი წყდება არა მხოლოდ მაგიდასთან, არამედ ფრონტზე, ფრონტზე კი, რომ ნახოთ, რა სიტუაციაა, რუსეთი ყველა მიმართულებით წინ მიიწევს და, შესაბამისად, არანაირი ბერკეტი ამ შემთხვევაში, რომ აიძულოს კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთი, რათა სერიოზულ კომპრომისებზე წავიდეს, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა ეხვაიამ.

მისი თქმით, ამხელა დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში სიმბოლურია იმ გაგებით, რომ ევროპა აღარ არის ის მშვიდობისმყოფელი კონტინენტი, რომელიც ჩვენ გვახსოვს და რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი პოლიტიკური წონა, ზუსტად ამ ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის გამოვლინებაა ის, რომ ეს სამშვიდობო პროცესი ტარდება და იწყება საუდის არაბეთიდან და ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის.

„რა თქმა უნდა, ეს არის გზავნილი, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები არიან ის ქვეყნები, რომლებიც ამ შემთხვევაში თამაშობენ მედიატორის როლს და ცდილობენ, ნეიტრალური როლი შეითავსონ საერთაშორისო ურთიერთობებში. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა ეს გადაწყვეტილება და პირდაპირ მიუთითებს, რომ, რეალურად, უკრაინის კონფლიქტიც არის დაპირისპირება ორ სხვადასხვა საერთაშორისო წესრიგსა და ორ სხვადასხვა საერთაშორისო სისტემას შორის. ერთ მხარეს არის უნიპოლარული წესრიგი, რომელიც კვდება და მეორე მხარეს არის მულტიპოლარული წესრიგი, რომელიც იბადება. ზუსტად ამ კონტექსტშია ძალიან საინტერესო ამ მოვლენებზე დაკვირვება“, – განაცხადა ეხვაიამ.

როგორც ეხვაიამ აღნიშნა, ევროპა ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებისგან მთლიანად იზოლირებულია.

„მიუნხენის კონფერენციის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამიტი იყო, სადაც მთელი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ და, უბრალოდ, იწუწუნეს. ამაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან საინტერესო რამ უთხრა პირდაპირ, წუწუნის ნაცვლად, ახლა არის მომენტი, როდესაც თქვენ ტრამპს უნდა შესთავაზოთ ძალიან კონკრეტული რაღაცები, იქნება ეს დავუშვათ, მშპ-თან შეფარდებაში თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა თუ კონკრეტული დაპირებები, რამხელა სამხედრო დახმარება შეიძლება, გამოყოს ევროპამ და ამის დროა. ახლა საფრანგეთში მიდის ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სამიტი და ეს არის სწორედ ამის გაგრძელება, რომ ევროპა ეძებს გამოსავალს, თუ როგორ მონახოს ადგილი ამ მოლაპარაკების მაგიდასთან. ტრამპმა და მისმა დელეგაციამ ძალიან პირდაპირ თქვა, ყველანაირი შემოვლითი, ირიბი საუბრის გარეშე, რომ გადაწყვეტილება მიიღება ამერიკასა და რუსეთს შორის, ეს შეიძლება, ბევრს მოსწონდეს და ბევრს არ მოსწონდეს, და შემდეგ ამ გადაწყვეტილებას გაეცნობიან უკრაინა, მთელი ევროპა და ბრიტანეთიც. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ეხვაიამ.

ლუკა ეხვაიამ ასევე განაცხადა, რომ ცალსახად ჩანს, ვის არ აწყობს მშვიდობა და ეს არის ევროპის კონტინენტი, რადგან თუ ომი გაგრძელდება, აშშ-ს მოუწევს, ევროპის კონტინენტის პოლიტიკურ საკითხებში და, მათ შორის, უკარაინის ომში ღრმად იყოს ინვესტირებული და, შესაბამისად, ვერ დატოვოს ევროპის კონტინენტი.