ლუკ კოფი - მინდა, ქართველებმა იცოდნენ, ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლა არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას
ლუკ კოფი - მინდა, ქართველებმა იცოდნენ, ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლა არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას

საქართველო დაჩქარებული წესით უნდა შევიდეს ნატო-ში, ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატო-სკენ, ეს არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას, ეს არის ნატო-ში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა, – ამის შესახებ  საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხვილველმა ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გასულ კვირას, ჰერიტიჯის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხვილველმა ლუკ კოფიმ დაწერა, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება შეერთებული შტატების ინტერესებშია.

„ჩემი რეკომენდაციაა, ნატო-მ შეცვალოს მეექვსე მუხლი. მეექვსე მუხლი ხსნის იმას თუ ვისზე ვრცელდება მეხუთე მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატო-ში და მხოლოდ ნატო-ს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამ, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება.

ვფიქრობ ეს პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული მიდგომაა, საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ნატო-ში. ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ის ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატო-სკენ.

მინდა, ქართველებმა იცოდნენ, რომ ეს არ ნიშნავს ამ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას. ეს არის ნატო-ში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა“, – აღნიშნა მიმომხილველმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ დადო პირობა ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ნატო-მაც უნდა დადოს პირობა, რომ არ გამოიყენებს ძალებს, სანამ საქართველო ამ კონფლიქტებს მშვიდობიანად არ მოაგვარებს.

„ჩემი აზრით, ის არც არსებობს. ამ პროცესში მათ არავინ უსმენს. ეს ეხება ნატო-ს და ქართველ ხალხს, ეს არ არის მარიონეტების რეჟიმის გადასაწყვეტი.

ეს არანაირად არ ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების მიტოვებას. ისევე, როგორც საქართველოს მთავრობამ დადო პირობა ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ნატო-მაც უნდა დადოს პირობა, რომ არ გამოიყენებს თავის ძალებს და კოლექტიური თავდაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება, სანამ საქართველო ამ კონფლიქტებს მშვიდობიანად არ მოაგვარებს.

კარგად მესმის, რომ ეს ნებისმიერი არჩეული მთავრობისთვის დიდი გამოწვევა იქნება. ვაცნობიერებ, რომ ამას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ არაფერია ადვილი.

თუ საქართველოს ნატო-ში მალე გაწევრიანება სურს, ჩვენ ამას პრაგმატულად უნდა მივუდგეთ. ახლა ნატო-ს წევრობას მისი ტერიტორიების ოკუპაცია აფერხებს. ეს აფრთხობს ნატო-ს წევრებს. სტატიაში ასევე ვამბობ, რომ მეხუთე მუხლის შეჩერება ცხინვალზე და აფხაზეთზე დროებითი მექანიზმია და ის ამ ტერიტორიებზეც მას შემდეგ გავრცელდება, რაც კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდება.

ეს არანაირად არ ცვლის მიდგომას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ყოველ დეკლარაციაში და შეხვედრაზე ნატო, როგორც ალიანსი, იმეორებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და ეს არ შეიცვლება.

ამიტომაც, ჩვენ შეგვიძლია, საქართველო გავაწევრიანოთ ნატო-ში ჩემ მიერ შემოთავაზებული გზით.

ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი რუსეთისთვის, რომ მისი უკანონო ოკუპაციებით და ანექსიით, დამოუკიდებელი ქვეყნის მისწრაფებებს ვერ შეაჩერებს, იქნება ეს საქართველოში, უკრაინაში თუ მოლდოვაში.

დღეს რუსეთი სუვერენულ ქვეყნებში შეჭრით აფერხებს ამ ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ლუკ კოფიმ.