ლუკ კოფი - მცირე მთავრობის იდეა ძალიან კარგია, ასევე აუცილებელია, მთავრობა ქმედითი იყოს და ხალხისთვის მუშაობდეს
ლუკ კოფი - მცირე მთავრობის იდეა ძალიან კარგია, ასევე აუცილებელია, მთავრობა ქმედითი იყოს და ხალხისთვის მუშაობდეს

ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation-ის მკვლევარი ლუკ კოფი დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის იდეას მცირე მთავრობის შესახებ და აღნიშნავს, რომ აუცილებელია,  მთავრობა ქმედითი იყოს და ხალხისთვის მუშაობდეს.

„პოლიტიკურად კონსერვატორი ვარ და მცირე მთავრობის იდეა ძალიან მომწონს. ვფიქრობ, სამინისტროების რიცხვის 11-მდე შემცირების იდეა ძალიან კარგია, აუცილებელია ასევე, რომ მთავრობა ქმედითი იყოს და ხალხისთვის მუშაობდეს.  პარლამენტი, რომელსაც დიდი უფლებამოსილებები აქვს და, რომელშიც ჯანსაღი და ძლიერი ოპოზიციაა და აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც მცირე ზომისაა, მაგრამ ხალხისთვის მუშაობს, კარგია.

იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო სასურველ შედეგს მიაღწევს. ამ გზაზე საქართველოს უნდა დავეხმაროთ“, – აცხადებს ლუკ კოფი.

მკვლევარი მნიშვნელოვანს უწოდებს ეკონომიკური ინოვაციებისა და განათლების დარგში ახალ პრიორიტეტებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დაეხმარება.

„ჩემი აზრით, ეს ძალიან სწორი პრიორიტეტებია. ვფიქრობ, გარე დამკვირვებლების უმრავლესობა მათ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან და სწორად განსაზღვრულ პრიორიტეტებად ჩათვლის. ისინი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ეკონომიკური მდგომარეობის საყოველთაო გაუმჯობესებაზე და განათლების სფეროსა და მისი მნიშვნელობის გაძლიერებაზეა კონცენტრირებული. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე უნდა დაეხმაროს“ – აცხადებს ლუკ კოფი.

მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება, სტრუქტურული ცვლილებები  განხორციელდება და სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.