ლუკ კოფი - ამერიკა ნატო-ს წევრია, მაგრამ მეხუთე მუხლი ჰავაის არ იცავს, ეს საქართველოსთვისაც შეიძლება გაკეთდეს
ლუკ კოფი - ამერიკა ნატო-ს წევრია, მაგრამ მეხუთე მუხლი ჰავაის არ იცავს, ეს საქართველოსთვისაც შეიძლება გაკეთდეს

ამერიკა ნატო-ს წევრია, მაგრამ მეხუთე მუხლი ჰავაის არ იცავს, ეს საქართველოსთვისაც შეიძლება გაკეთდეს, – ამის შესახებ „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარმა, ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ლუკ კოფის თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა და სირთულე, რომელიც საქართველომ უნდა გადალახოს იქიდან მომდინარეობს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას აგრძელებს.

„როცა ევროპელებს, აქ, ადმინისტრაციაში ან კონგრესში ხალხს საქართველოზე ვესაუბრები, ეს ყოველთვის იკვეთება, როგორც შეშფოთების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანი. ისინი ხშირად კითხულობენ იმას, თუ, როგორ შეგვიძლია ალიანსში მივიწვიოთ ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად ომშია რუსეთთან. ისინი ასევე კითხულობენ, ნიშნავს თუ არა ეს პირდაპირ ომს რუსეთთან იმის გამო, რომ რუსეთი საქართველოს სამხედრო ოკუპაციას აგრძელებს.

არსებობს გზები იმისთვის, რომ ეს გამოწვევები გადაილახოს. ამას მიზანმიმართული ლიდერობა, კრეატიულობა, დახვეწილი დიპლომატია სჭირდება. არ ვფიქრობ, რომ ტრანს-ატლანტიკური ურთიერთობა დღეს ამისთვის მზად იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო ფინიშის ხაზამდე ერთად მივიყვანოთ“, – აცხადებს ლუკ კოფი.

„ამერიკის ხმამ“ შეახსენა მკვლევარს საკითხი, რომელზეც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად საუბრობენ და რაზეც მან შარშან ნაშრომი გამოაქვეყნა. კონკრეტულად კი ის, რომ საქართველო შეიძლება ნატო-ს წევრი გახდეს ისე, რომ მეხუთე მუხლის დაცვის გარანტია ქვეყნის მხოლოდ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კი კოლექტიური თავდაცვის გარანტიები ოკუპაციის დამთავრების შემდეგ გავრცელდეს.

„ბუქარესტის სამიტიდან 10 წლისთავზე ვიფიქრე, რომ დროა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის ახალი გზების მოძიება დაგვეწყო. ამისთვის გვჭირდებოდა ახალი იდეები, ძველი ნორმების შეცვლაზე დაფიქრება. ამ ახალი იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ალიანსმა წევრად საქართველო სრულად, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მიიწვიოს, რაშიც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც შედის. მაგრამ მეხუთე მუხლის უსაფრთხოების გარანტია გავრცელდეს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომლის ოკუპაციასაც რუსეთი არ ახდენს. ეს პრინციპი საქართველოსთვის ადვილად იმუშავებს იმის გამო, რომ ქვეყანას უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის პირობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომაც ვიფიქრე, რომ თუ საქართველოს უკვე აქვს გადაწყვეტილი და პირობა დადებული, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალას არ გამოიყენებს, მაშინ რად უნდა მეხუთე მუხლის უსაფრთხოების გარანტია ამ ტერიტორიებზე? თუ საქართველო ამ პრინციპით გაწევრიანდა ნატო-ში, მაშინ არა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის პირობა იქნება საქართველოს მხრიდან დაცული, არამედ ეს ალიანსის ზოგიერთი წევრის პრეცედენტსაც გაიმეორებს. ნატო-ში რამდენიმე ქვეყანაა ისეთი, რომელიც სრული ტერიტორიით არის ნატო-ს წევრი, მაგრამ მე-5 მუხლი მხოლოდ ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება. მათ შორისაა შეერთებული შტატები, მაგალითად ჰავაის და გუაამს მეხუთე მუხლი არ იცავს. დიდი ბრიტანეთის ფოლკლენდის კუნძულები მეხუთე მუხლით არ არის დაცული“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.

ამასთან, მკვლევარმა ისაუბრა „გერმანული პრეცედენტის“ შესახებაც.

„ხშირად მესმის, ეგრეთ წოდებულ, „გერმანიის ვარიანტზე“ საუბარი. ცივი ომის დროს აღმოსავლეთ გერმანია ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ, დასავლეთი კი ნატო-ში მიიწვიეს. აღმოსავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი მხოლოდ გერმანიის გაერთიანების შემდეგ გახდა. მე ეს ანალოგია არ მომწონს იმის გამო, რომ გერმანიისა და საქართველოს სიტუაცია განსხვავებულია. თუ პრეცედენტების მონახვა გვინდა, ჩემს მიერ ჩამოთვლილი პრეცედენტები უფრო მიესადაგება საქართველოს, ანუ შემთხვევები, როცა ქვეყანა მთელი თავისი ტერიტორიითაა ნატო-ს წევრი და მეხუთე მუხლის გარანტიები მხოლოდ მის ერთ ნაწილზე ვრცელდება“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.

მისივე თქმით, ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ამ სცენარში არ ჩანს, საქართველოს მთავრობაა.

„საქართველოს მთავრობამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ლიდერობა, მათ უნდა აუხსნან ქართველ ხალხს ის, თუ რატომაა ეს წინადადება დადებითი, რატომ არ არღვევს ეს წინადადება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სანამ ისინი არ გააკეთებენ ამას, არ უნდა იყოს იმის მოლოდინი, რომ ვაშინგტონი, ლონდონი თუ პარიზი ამ საკითხს აიტაცებს.

მე მესმის ამ საკითხისადმი სიფრთხილე. პოლიტიკაში საკმარისი დროით ვიყავი ჩართული იმისთვის, რომ გამეგო, რომ პოლიტიკოსებს არ უყვართ რთული თემების ახსნა ამომრჩევლისთვის. განსაკუთრებით საარჩევნო სეზონის დროს. მაგრამ თუ მთავრობამ ეს პრიორიტეტად დაისახა, თუ ამ ძალისხმევაში იმ ოპოზიციურ პარტიებსაც ჩართავს, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უჭერენ მხარს, ვფიქრობ საქმე გაკეთდება. ხალხმა უნდა დაინახოს ხელმძღვანელობა, უნდა დაინახოს, რომ ვიღაც პროგრესისკენ მიდის. ერთი, რაც უნდა გვახსოვდეს ისაა, რომ სანამ ამ იდეის მხარდაჭერა თბილისში არ გაჩნდება და თბილისიდან არ წამოვა, დასავლეთში ამ იდეით არავინ იხელმძღვანელებს. და ეს გასაგებიცაა.

მესმის როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა. ის განცხადება, რომ ამ წინადადების თანახმად საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას დაკარგავს აბსოლუტურად არასწორია. ნატო-მ საქართველოს არასოდეს უნდა სთხოვოს ტერიტორიებზე უარის თქმა. ნატო ამას არც ითხოვს. ერთ-ერთი რამ რაც საქართველოსკენ მიმიზიდა მისი კულტურა, ხალხი, ტრადიციები, ისტორიაა. მოხიბლული ვარ ქვეყნით, რომელიც ორიათას წელზე მეტია, არსებობს. საქართველო კიდევ ორიათასი და მეტი წელი გააგრძელებს არსებობას, ალბათ, იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ნატო. ანუ, თუ კითხვა იმაში მდგომარეობს, ნატოში გაწევრიანდე თუ ტერიტორიებზე თქვა უარი, ვიტყოდი, რომ ტერიტორიებზე არ თქვა უარი“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.

მისივე თქმით, ესმის, რამდენად იმედგაცრუებულები შეიძლება იყვნენ ქართველები.

„ისინი დიდ მსხვერპლს იღებენ ავღანეთში, საქართველო მზადაა ინვესტიციები ჩადოს თავდაცვაში, გარდაქმნას თავდაცვის პროცესი, გააგრძელოს დემოკრატიული პროცესები… საქართველოში ბევრი ამბობს, რომ მეტი რაღა უნდა გავაკეთოთო. ამაზე ვიტყოდი, რომ მეტი ბევრი არაფერი – ყველაზე დიდი წინაღობა აქ რუსული ოკუპაციაა. ჩემი მხრიდან მარტივია ამის თქმა, მაგრამ საქართველოს მოთმინება მართებს. ქვეყანამ დემოკრატიული პროცესები უნდა გააგრძელოს და საქართველოს მთავრობამ ეს თემა უნდა წამოწიოს. როცა ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს შეერწყმება, ვფიქრობ შევძლებთ საქართველოს ფინიშის ხაზამდე მიყვანას“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.