ლუიზა ვინტონი - თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი ხმა გაერო-ში და მათ შორის არის საქართველოც
ლუიზა ვინტონი - თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი ხმა გაერო-ში და მათ შორის არის საქართველოც

გაერო-ს პრინციპი თანასწორობაა ყველა ქვეყანას შორის, ამიტომ თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი ხმა გაერო-ში და მათ შორის არის საქართველოც, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ელჩმა, ლუიზა ვინტონმა ​ჟურნალი „დიპლომატის” ორგანიზებით მიმდინარე დისკუსიაზე განაცხადა.

გლობალური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიების სერია დღეს სწორედ გაერო-ს თემატიკით გაიხსნა.

„მთელი იდეაც ამაშია, რომ მსოფლიო გაერთიანდეს პრობლემების გადასაჭრელად დისკუსიებისა და დიპლომატიის გზით. მე იმ მთავარ საკითხებზე ვსაუბრობ, რომელზეც გაერო-ს იდეაა დაშენებული: მშვიდობა, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები და განვითარება. ყოველი მათგანი ერთმანეთთანაა კავშირში და მნიშვნელოვანია.

გაერო-ს ოჯახი ერთ ხმაში საუბრობს, განსაკუთრებით კი, ფუნდამენტურ საკითხებზე. საქართველო ბევრი მიმართულებით ეყრდნობა გაერო-ს, გაერო-ს პრინციპი კი, თანასწორობაა ყველა ქვეყანას შორის, იქნება იგი პატარა თუ დიდი, ამიტომ თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი ხმა გაეროში და მათ შორის არის საქართველოც”, – განაცხადა ვინტონმა.

მომდევნო დისკუსიების თითოეული სესია კონკრეტულ ქვეყანას დაეთმობა, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, შვეიცარია, შვედეთი, ისრაელი, პოლონეთი, ბულგარეთი და უკრაინა.

10 კვირის განმავლობაში საელჩოების, აკადემიური წრეების, სტუდენტების, მესამე სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთობლივად იმსჯელებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე, საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკურ პერსპექტივებსა და განვითარების გზებზე.