ლუიზა ვინტონი - დარწმუნებული ვართ, ახალი საარჩევნო სისტემა მხარეებს უკეთეს შესაძლებლობებს მისცემს
ლუიზა ვინტონი - დარწმუნებული ვართ, ახალი საარჩევნო სისტემა მხარეებს უკეთეს შესაძლებლობებს მისცემს

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი მიიჩნევს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა მხარეებს უკეთეს შესაძლებლობებს მისცემს.

ლუიზა ვინტონმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე გააკეთა კომენტარი.

„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ეს გარკვეული შეთანხმება მოხდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ აუცილებელია, პროცესები გადავიდეს პარლამენტში ნაცვლად ქუჩის პროტესტისა. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი სისტემა უკეთეს შესაძლებლობებს მისცემს მხარეებს“, – განაცხადა ვინტონმა.

მიმდინარე წლის 8 მარტს მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40 პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.