ლუის სუარესი - „ბარსელონაში“ მითხრეს, რომ ძალიან ასაკოვანი ვარ ამ დონის კლუბისთვის
ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა „ბარსელონადან“ თავისი წასვლის შესახებ ილაპარაკა. თავდამსხმელმა კონტრაქტი გააფორმა „ატლეტიკოსთან“ და ახლა, ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
„ყველაზე მეტად მაწუხებდა ის, რაც კლუბში მითხრეს – საკმაოდ ასაკოვანი ვარ იმისთვის, რომ მწვერვალზე ვიმყოფებოდე და უკვე აღარ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში, რათა ასეთი დიადი გუნდის ფორვარდი ვიყო. აი, ეს არ მომეწონა. სამი-ოთხი სეზონი არაფერი რომ არ გამეკეთებინა, თავად მივხვდებოდი ამას. მაგრამ ყოველ წელს 20-ზე მეტ გოლს ვიტანდი და ყოველთვის საუკეთესო შედეგი მქონდა მესის შემდეგ.
დღეს თქვენ ხედავთ, რომ „ბარსელონაში“ თამაში რთულია. ბევრი ფეხბურთელი აიყვანეს, მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს სათანადო დონეს. მე იქ ექვსი წელი ვთამაშობდი და ყოველთვის მაღალი დონე მეჭირა. გარემოებები შეიცვალა, კლუბს ცვლილებები სჭირდება და მე ეს მესმის. მაგრამ არ მომწონს ის, როგორ წავედი კლუბიდან. დავიმსახურე პატივისცემა და მინდოდა მეჩვენებინა მათთვის რას წარმოვადგენ“, – თქვა სუარესმა ჟურნალ France Football-თან ინტერვიუში.
34 წლის ურუგვაელის შეთანხმება მადრიდელებთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.