ლუის ჰემილტონმა კარიერაში 88-ე გრანპრი მოიგო და შუმახერის რეკორდამდე სამი გამარჯვება აშორებს
ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და გაზარდა საერთო ჩათვლაში კონკურენტებთან უპირატესობა. „მერსედესის“ პილოტმა ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა ბარსელონას ტრასაზე, კარიერაში კი უკვე 88 მოგებული გრანპრი დააგროვა. კიდევ სამი მოგება და ჰემილტონი დაეწევა აბსოლუტურ რეკორდსმენს, ლეგენდარულ გერმანელს მიხაელ შუმახერს, რომელსაც კარიერაში 91 გრაპრი ჰქონდა მოპოვებული. სხვათა შორის, ჰემილტონი ესპანეთში 156-ედ ავიდა პოდიუმზე – მან ამ მაჩვენებლით გაუსწრო შუმახერს და აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.
ჰემილტონი პოულიდან იღებდა სტარტს, თუმცა „მერსედესში“ უფრთხოდნენ „რედ ბულსა“ და მის ლიდერს მაქს ფერსტაპენს, რომელმაც წინა რბოლაში შეძლო გერმანული საჯინიბოს დამარცხება. მაგრამ, ამჯერად, ვერც ტემპითა და ვერც საბურავებთან მუშაობით, ნიდერლანდელმა ვერ შეძლო ჰემილტონისთვის კონკურენციის გაწევა. ფინიშზე ბრიტანელის უპირატესობამ 24 წამს მიაღწია.
სამაგიეროდ, ფერსტაპენმა შეძლო სტარტზე „მერსედესის“ მეორე პილოტის ვალტერი ბოტასის გასწრება და მეორე ადგილის დაკავება. ამის წყალობით, მაქსმა გაზარდა საერთო ჩათვლაში ბოტასთან უპირატესობა ოთხიდან შვიდ ქულამდე, მაგრამ მისი ჩამორჩენა ჰემილტონთან 30-დან 36 ქულამდე გაიზარდა.
ბრძოლა ჩემპიონატში ორი კვირის შემდეგ, ბელგიის „სპაზე“ განახლდება.