„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა თურქეთის გრანპრი მოიგო და სეზონის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე გაიფორმა 2020 წლის ტიტული.
ჰემილტონმა წვიმიან კვალიფიკაციაში მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა და არ მიიჩნეოდა სტარტის წინ ფავორიტად, რბოლის პირველ წვიმიან ნაწილში გამარჯვებისთვის არ იბრძოდა. მაგრამ სხვა პილოტებისგან განსხვავებით, რომლებიც ლიდერთა ჯგუფში იყვნენ, მეორედ აღარ შევიდა ბოქსებში საშუალედო საბურავების გამოსაცვლელად და ფინიშამდე ერთი პიტსტოპით მივიდა. ამან საშუალება მისცა ჯერ მეორე ადგილზე გასულიყო, შემდეგ კი პირდაპირ ბრძოლაში უკან ჩამოიტოვებინა ლიდერი სერხიო პერესი, რომელიც ასევე არ გაჩერდა მეორედ ბოქსებში.
ძველი საბურავების მიუხედავად, ჰემილტონმა უპრობლემოდ მოიპოვა დიდი უპირატესობა, რომელმაც ფინიშთან 31 წამი შეადგინა. ჰემილტონი მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და გაიმეორა ლეგენდარული მიხაელ შუმახერის რეკორდი, რომელიც 2004 წელს დამყარდა.
პერესმა ფინალური წრის ბოლო მოსახვევებში მოიგერია შარლ ლეკლერის შეტევები და პირველი პოდიუმი მოიპოვა 2018 წლის აზერბაიჯანის გრანპრის შემდეგ. ლეკლერმა კი, თავის მხრივ, ბოლო მოსახვევში „ფერარიში“ თავისი თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი გაუშვა წინ. ასე რომ, გერმანელმა 2020 წლის სეზონში პირველი პოდიუმი მოიპოვა.
არ გამოუვიდა რბოლა პოულის მფლობელს ლენს სტროლს. კანადელი ორი მესამედი ლიდერობდა, მაგრამ ბოლოსკენ, როცა ტრასა გაშრა, ყველაფერი აერია და მეცხრე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
ჩემპიონატი ორი კვირის შემდეგ, ბაჰრეინში გაგრძელდება.