„მერსედესის“ პილოტი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ლუის ჰემილტონი, 2019 წლის სეზონში უფრო მძაფრ კონკურენციას ელოდება. ბრიტანელის თქმით, გაისად ტიტულისთვის უფრო ბევრი პილოტი იბრძოლებს.
„2018 წელი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ყველა რბოლის მოგება ვერ შევძელით,“ – მოჰყავს ჰემილტონის სიტყვები F1i-ს. „სეზონის დასაწყისში იყო პრობლემები და ყოველთვის არსებობს ასპექტები, რომელიც უნდა გავაუმჯობესოთ. ამაზე მონდომებით ვიმუშავებ. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ლეკლერი „ფერარიში“ შეეცდება იმის დამტკიცებას, რომ ღირსია ტოპ-გუნდის წევრობის, ფერსტაპენიც მომართულია წარმატებისკენ. ამიტომაც, უნდა დავრჩე მწვერვალზე, რათა მათთან კონკურენცია შევძლო“.
შეგახსენებთ, რომ ჰემილტონმა მიმდინარე სეზონში 10 ეტაპი მოიგო და ფინიშამდე ორი ეტაპით ადრე გაინაღდა კარიერაში მეხუთე ტიტული.