ლუის ენრიკე – „სლოვანთან“ საუკეთესოები ვათამაშე, მაგრამ კვარაცხელია და დუე არაჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან #1TVSPORT
„რატომ დარჩნენ სათადარიგოთა სკამზე დეზირე დუე და ხვიჩა კვარაცხელია ბრატისლავის „სლოვანთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში?“ – ამის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს შეხვედრის შემდეგ ჰკითხეს.
„მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს, ვინ დაიწყებს მატჩს ძირითად შემადგენლობაში. მე ამ შეხვედრისთვის საუკეთესო ფეხბურთელები შევარჩიე. თუმცა ისინი (დუე და კვარაცხელია) არაჩვეულებრივი მოთამაშეები არიან. „კვარას“ წელს „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია, ისევე როგორც დემბელეს, ვიტინიას, ფაბიანსა და სხვებს.
როდესაც უსმანმა გოლი გაიტანა, გულშემატკივრები სკანდირებდნენ: „და უსმანი — „ოქროს ბურთი“. ეს არის სიმღერა, რომელიც შესაძლოა, მომავალში პსჟ-ის სხვა ფეხბურთელთან დაკავშირებითაც ვიმღეროთ. ოქროს ბურთზე ცხრა ფეხბურთელის ნომინირება ჩვენთვის მოტივაციაა და გვიჩვენებს, თუ რა არის დღევანდელი პსჟ“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრამდე ლეგენდარულმა ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა.