ლუი ვან გაალმა თავის ყოფილ კლუბზე ისაუბრა
ლუი ვან გაალმა თავის ყოფილ კლუბზე ისაუბრა

65 წლის ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მოურინიოსა და სოლსკიაერის გუნდს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ნორვეგიელის გუნდი იმარჯვებს.

„ფეხბურთი, რომელსაც იუნაიტედი ამჟამად თამაშობს, ფერგიუსონის სტილი სულაც არ არის. ეს გახლავთ დაცვითი, კონტრშეტევებზე აგებული თამაში. თუ ეს მოგწონთ, თქვენი საქმეა. თუ ფიქრობთ, რომ ასეთი ფეხბურთი უფრო სანახაობრივია, ვიდრე ჩემი იყო, რა გაეწყობა. ჩემს შემდეგ მოსულმა მწვრთნელმა შეცვალა სათამაშო სტილი, დააყენა ავტობუსი და კონტრშეტევებზე თამაშობდა. ახლა კი ჰყავთ მწვრთნელი, რომელიც ასევე აყენებს ავტობუსს და კონტრშეტევებზე თამაშობს. სოლსკიაერსა და მოურინიოს შორის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ სოლსკიაერი მატჩებს იგებს“, – განაცხადა ვან გაალმა.

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ოლდ ტრაფორდს 2014 წელს მიაშურა და წითლების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დევიდ მოიესი შეცვალა. მაშინ ვან გაალმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, მაგრამ მხოლოდ 2 წელი იმუშავა ამ თანამდებობაზე.

„მე ორწლიანი კონტრაქტი მსურდა, რადგან ჩემს ცოლს დავპირდი, რომ 65 წლის ასაკში კარიერას დავასრულებდი, მაგრამ გლეიზერებმა და ედ ვუდვორდმა სამწლიანის გაფორმება დაიჟინეს. ამიტომაც ვარ გაბრაზებული მომხდარის გამო. ვუდვორდმა იცოდა, რომ იუნაიტედი ჩემი ბოლო კლუბი იქნებოდა“, – დაასრულა ჰოლანდიელმა.