ლუგარის ცენტრის წარმომადგენელი - ახალი კორონავირუსისადმი მოსახლეობას ანტისხეულები გამომუშავებული არ აქვს, არც ვაქცინა არსებობს და საფრთხეს სწორედ ეს ქმნის
ლუგარის ცენტრის წარმომადგენელი - ახალი კორონავირუსისადმი მოსახლეობას ანტისხეულები გამომუშავებული არ აქვს, არც ვაქცინა არსებობს და საფრთხეს სწორედ ეს ქმნის

ახალი ტიპის კორონავირუსის მიმართ მსოფლიო მოსახლეობას ანტისხეულები გამომუშავებული არ აქვს, არც ვაქცინა არსებობს და განსაკუთრებულ საფრთხეს სწორედ ეს ქმნის, – ამის შესახებ ლუგარის ცენტრის გრიპისა და რესპირატორული ვირუსების ლაბორატორიის უფროსმა ანა მაჩაბლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ანა მაჩაბლიშვილი განმარტავს, რომ მიუხედავად ეპიდაფეთქებისა, საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

„გრიპი ასევე აგრესიულია და ლეტალობა ერთი-ორი პროცენტია მთელ მსოფლიოში. ასე რომ, სიმძიმის მიხედვით, ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პირობებში განსაკუთრებული საგანგაშო მდგომარეობა არ არის. უბრალოდ, ეს არის ახალი ვირუსი, მოსახლეობას არ აქვს გამომუშავებული ანტისხეულები ამ ვირუსის მიმართ, არ არსებობს სპეციფიკური მკურნალობა, არ არსებობს ვაქცინა და სწორედ ეს ქმნის განსაკუთრებულ საფრთხეს იმ კუთხით, რომ ჯანდაცვის სისტემები დახვდნენ მომზადებული“, – განაცხადა ანა მაჩაბლიშვილმა.

დღეს არსებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაფიქსირებულა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება. ისინი ჩინეთიდან ახლახანს დაბრუნდნენ. ორი მათგანის ანალიზის შედეგი როტერდამის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ლუგარის ლაბორატორიაში არსებული 22 ვირუსის შტამს მათ ორგანიზმში აღმოჩენილი ვირუსის შტამი არ დაემთხვა.

გრიპისა და რესპირატორული ვირუსების ლაბორატორიის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ სადიაგნოსტიკო ნაკრებები საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა, რაც ვირუსოლოგებს დიაგნოსტირების საშუალებას ადგილზე მისცემს.

ახალი ტიპის კორონავირუსი პირველად ერთი თვის წინ დაფიქსირდა. მეცნიერები გავრცელების ადგილად ჩინეთის ქალაქ უხანის ცხოველებისა და თევზის ბაზარს ასახელებენ. დღეს ეს ბაზარი დაკეტილია. უხანში კარანტინია გამოცხადებული, შეზღუდულია სხვა ქალაქებისკენ გადაადგილება.

ამ დროისთვის გარდაცვალების ერთი შემთხვევა ფილიპინებზე, დანარჩენი კი ჩინეთში ფიქსირდება. სხვა ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ დაღუპულა. გარდაცვალების რისკი იმ პაციენტებში იკვეთება, რომელთაც ქრონიკული დაავადებები ან სუსტი იმუნური სისტემა აქვთ. რისკჯგუფში შედიან ხანდაზმულებიც. ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი 14 000-მდე ადამიანს დაუდგინდა, 304 პაციენტი გარდაიცვალა, 300-ზე მეტი ადამიანი კი საავადმყოფოებიდან გამოჯანმრთელებული გაწერეს.

კორონავირუსი პირველად 1960-იან წლებში ფრინველში აღმოაჩინეს. მიკროსკოპში პათოგენს გვირგვინისებრი ფორმა ჰქონდა, რის გამოც მეცნიერებმა ლათინური სიტყვა „კორონა“ – „გვირგვინი“ უწოდეს.

ახალი ტიპის კორონავირუსი, ისევე როგორ მისივე მონათესავე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS) ზოონოზური, იგივე ცხოველური წარმოშობის ვირუსია. მან მუტაცია განიცადა და ადამიანზე გადავიდა. მწვავე რესპირატორულმა სინდრომმა 2002-2003 წლებში 8000, აღმოსავლეთის რესპირატორულმა სინდრომმა კი 2012 წელს 2500-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ახალი ტიპის კორონავირუსის შტამია 2019-NCOV. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა მიმსგავსებული შტამით ვირუსი ღამურაში აღმოაჩინეს. ერთ-ერთი თეორიით, ღამურისა და სავარაუდოდ გველის გენომის მუტაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი წარმოშვა.

ახალი ტიპის კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ინკუბაციის პერიოდი ორიდან 14 დღემდეა. პირველი სიმპტომებია ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა. გართულების შემთხვევაში, პნევმონია და თირკმლის უკმარისობა.

ახალი ტიპის კორონავირუსი დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი