ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსები სევეროდონეცკის 70 პროცენტს აკონტროლებენ
ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსები სევეროდონეცკის 70 პროცენტს აკონტროლებენ

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსები სევეროდონეცკის 70 პროცენტს აკონტროლებენ.

მისივე თქმით, დაბომბვების გამო, ქალაქიდან ხალხის მასობრივი ევაკუაცია და ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდება შეუძლებელია. სერგეი გაიდაის განმარტებით, სამხედროები დღეში მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გამოყვანას ახერხებენ.

„რუსები სევეროდონეცკის ტოტალურად დიდ ნაწილს აკონტროლებენ. ბრძოლები იმდენად მძიმეა, რომ დღეების განმავლობაში ბრძოლა შეიძლება, გაგრძელდეს არა ქუჩისთვის, არამედ მხოლოდ ერთი მაღალსართულიანი შენობისთვის. ქარხანა „აზოტში“ 500-მდე მცხოვრები რჩება, მათგან 40 ბავშვია. ინდუსტრიულ ზონას მძლავრად ბომბავს მტრის დიდი კალიბრის არტილერია“, – წერს გაიდაი.

გაიდაიმ დაამატა, რომ ქარხანა „აზოტში“ თავშესაფრები არ არის ისეთი მტკიცე, როგორც მარიუპოლის „აზოვსტალში“, ამიტომ ხელისუფლება და სამხედროები ცდილობენ, განახორციელონ ორგანიზებული ევაკუაცია უსაფრთხოების გარანტიებით. მისი თქმით, გრძელდება „ჩუმი“ ევაკუაცია.

მისივე თქმით, რუსებმა გააძლიერეს დაბომბვები ქალაქ ლისიჩანსკზე, სადაც ბოლო დღეებში ყველაზე მეტი დაღუპული და დაშავებულია.

ინტენსიური ბროლების მიუხედავად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ლუგანსკის ოლქში უკრაინის ჯარების ალყაში მოქცევის საშიშროება არ არსებობს.