გლობალური ბირჟები მკვეთრად დაეცა. ოთხშაბათს აშშ-ის ბირჟებზე წლის ყველაზე მძიმე ვარდნა დაფიქსირდა, რაც დღეს დილიდან აზიისა და შემდეგ ევროპის ბირჟებსაც გადაედო. მიზეზად ანალიტიკოსები მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას, ასევე აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაპირისპირებას ასახელებენ.
ოთხშაბათს აშშ-ის ბაზრების სამი წამყვანი ინდექსის ვარდნა 2-3 პროცენტს შორის მერყეობდა, დილიდან კი, ტოკიოს ბირჟამ ვარდნის ტენდენეცია გააგრძელა და 3 პროცენტზე მეტით დაეცა.
იაპონის წამყვანი ინდექსის, Nikkei-ის ვარდნამ ოთხ პროცენტს გადააჭარბა, რაც ბოლო ექვსი თვის ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელია. აზია-წყნარი ოკეანეთის წამყვანი ინდექსი MSCI-ი 2 პროცენტზე მეტად დაეცა და წლის მანძილზე მიღებული საბაზრო ღირებულების 18.8 პროცენტი დაკარგა.
აშშ-ის ყველაზე ცნობილი ინდექსები Dow Jones Industrial-ი და S&P 500-ი, რომლებიც აშშ-ის უმსხვილეს კორპორაციებს წარმოადგენენ, 2.4 და 3.1 პროცენტით გაუფასურდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ინდექსები წლის ყველაზე უარყოფით ზონაში შევიდნენ და წლის დასაწყისიდან მიღებული მოგება სრულად დაკარგეს. რაც შეეხება Nasdaq-ს, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს წარმოადგენს, ამ ინდექსმა ოთხშაბათს 4.4 პროცენტიანი ვარდნა განიცადა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
გაუფასურება ვერ აიცილეს ისეთმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმაც კი, რომლებიც მთელი წლის მანძილზე საფონდო ბირჟების ზრდას ყველაზე დიდ სტიმულს აძლევდნენ. მაგალითად Amazon-ის აქციები 5.9%-ით დაეცა, Facebook-ის 5.4%-ით, Google-ის მფლობელი Alphabet-ის 4.8%-ით, Netflix-ის კი, 9.4%-ით.
ანალიტიკოსების აზრით, მართალია ტექნოლოგიური სექტორი შოკების მიმართ ყველაზე გამძლედ ითვლება, მაგრამ აშშ-ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირებამ, რომელსაც საიმპორტო ტარიფების ზრდა მოჰყვა შედეგად, ამ სექტორსაც კი მიაყენა ზიანი.
გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, ანალიტიკოსების აზრით, ინვესტორების ნდობა ემოციურმა ფაქტორმაც შეარყია, როდესაც გუშინ ცნობილ დემოკრატ პოლიტიკოსებს, როგორიცაა ბარაქ ობამა და ჰილარი კლინტონი, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ძირითადი კრიტიკოსები არიან, საფოსტო ყუთში ბომბები ჩაუდეს.