ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსისთვის“ ემზადებიან
ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსისთვის“ ემზადებიან

ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსისთვის“ მზადება თითქმის დასრულებულია. სცენა, განათება, მასშტაბური დეკორაციები – წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული დაჯილდოებისთვის ყველაფერი მზად არის.

სასტუმრო „ბევერლი ჰილტონის“ წინ წამყვანებმა სანდრა ომ და ენდი სამბერგმა 2019 წლის ჰოლივუდის დაჯილდოებების პირველი წითელი ხალიჩაც გაშალეს.

ოქროს გლობუსზე ყველაზე მეტი ნომინაცია ბრედლი კუპერის სადებიუტო ფილმმა „ვარსკვლავის დაბადებამ“ დაიმსახურა. ფილმი წარდგენილია საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, მსახიობი მამაკაცის, მსახიობი ქალისა და საუკეთესო სიმღერის ნომინაციებში.

სურათის სიუჟეტი პოპულარული როკმუსიკოსისა და უცნობი, თუმცა ძალიან ნიჭიერი მომღერლის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა ურთიერთობის პარალელურად კარიერული გზაც გრძელდება – გოგონა წარმატებისკენ მიიწევს, ხოლო ერთ დროს ყველასთვის საყვარელი მუსიკოსის ვარსკვლავი ნელ-ნელა ქრება. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა ლედი გაგამ დაადასტურა, რომ საზეიმო ღონისძიებაზე კომპოზიციას Shallow ბრედლი კუპერთან ერთად ცოცხლად შეასრულებს.

კიდევ ერთი ფილმი, რომელსაც კინოკრიტიკოსები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ „შავი კუკლუქსკლანელია“. ფილმის სიუჟეტი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს აფრო-ამერიკელი პოლიციელის შესახებ, რომელიც კოლორადოს ადგილობრივ „კუკლუქს კლანში“ შეღწევას ახერხებს, მისი მეგობარი ჯაშუში კი კლანის ლიდერი ხდება.

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელთა ნომინანტების ხუთეული ასეთია: უილიამ დეფო, ლუკას ჰედჯესი, ჯონ დევიდ ვაშინგტონი ბრედლი კუპერი და რემი მალეკი. რემი მალეკი ფილმში „ბოჰემური რაფსოდია“, ფრედი მერკურის განასახიერებს. ფილმი ლეგენდარული მომღერლისა და ჯგუფ Queen-ის შესახებ მოგვითხრობს.

Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში რემი მალეკის პერფორმანსს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ოქროს გლობუსსა“ და „ოსკარს“ რემი მალეკი იმსახურებს.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი „გლობუსის” მოპოვების შანსი გლენ კლოუზის, ლედი გაგას, ნიკოლ კიდმანს, მელისა მაკარტისა და როზამუნდ პაიკს აქვთ. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ უკვე ათწლეულებია, ჰოლივუდის პრესის ასოციაცია დემოკრატიული ვექტორის მიმდევარია. ეს აისახება ჰოლივუდის კინოგემოვნებაშიც და იმ ხშირად სკანდალურ განცხადებებშიც, რომლებიც დემონსტრაციებზე და პრესტიჟული თავყრილობების ტრიბუნებიდან თანაბრად ისმის. ბოლო დროს, ასეთი იყო მერილ სტრიპისა და ფრენსის მაკდორმანდის სიტყვა „ოქროს გლობუსზე“.

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიას წელს პირველად პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს. 7 იანვარს 05:00 საათზე პირველი არხი მაყურებელს საშუალებას მისცემს, უგულშემატკივროს თავის ფავორიტებს და ნახოს საუკეთესო შოუ.