ლოს-ანჯელესში „გრემის“ მფლობელები გამოვლინდნენ
ლოს-ანჯელესში „გრემის“ მფლობელები გამოვლინდნენ

ლოს-ანჯელესში „გრემის“ 61-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის ყველაზე პოპულარული მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიას სტეიპლს ცენტრმა უმასპინძლა.

გრემის წლევანდელი ტრიუმფატორები კეისი მასგრეივსი და ჩაილდიშ გამბინო გახდნენ. მათ ოთხ-ოთხი „გრემი“ ერგოთ.

ქანთრის შემსრულებელმა მუსიკოსმა მთავარი ჯილდო წლის ალბომის (ოქროს საათი), საუკეთესო ქანთრი ალბომის, ქანთრი სიმღერისა და ქანთრი სოლო პერფორმანსის კატეგორიებში მოიპოვა.

წლის საუკეთესო ჩანაწერის, სიმღერის, რეპშესრულებისა და საუკეთესო კლიპისთვის ოქროს გრამოფონი რეპერმა დონალდ გლავერმა, ფსევდონიმით „ჩაილდიშ გამბინომ“, გახმაურებული და სკანდალური სიმღერით „ეს არის ამერიკა” მოიპოვა.

საუკეთესო პოპ ალბომისთვის ჯილდო არიანა გრანდემ დაიმსახურა ალბომისთვის „სვითენერი“.

ლედი გაგამ სამი „გრემი“ მიიღო. მათ შორის, საუკეთესო სოლო შესრულებისთვის, სიმღერისთვის „ჯოან“. ბრედლი კუპერთან ერთად შესრულებული საუკეთესო დუეტისთვის „შილოუ“ და ვიზუალური მედიისთვის დაწერილი სიმღერისთვის.

საუკეთესო არენბი ალბომი გახდა „ჰ.ე.რ”. საუკეთესო ქანთრი ალბომი -კეისი მასგრეისის“ოქროს საათი”. საუკეთესო ახალი არტისტი გახდა დუა ლიპა.

თანამედროვე ურბანული ალბომის კატეგორიაში „გრემი“ დაიმსახურა ბიონსესა და ჯეიზის ერთობლივმა ნამუშევარმა „სიყვარული არის ყველაფერი”.

„გრემი“ ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდოა. იგი 1958 წელს დაარსდა და თანამედროვე მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც შეგვიძლია კინემატოგრაფიაში “ოსკარის” ჯილდოს შევადაროთ.

ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ გამარჯვებულები იმ შემსრულებლებს შორის გამოარჩია, რომელთა ნამუშევრები 2017 წლის პირველი ოქტომბრიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში გამოვიდა. „გრემის“ დაჯილდოება 1958 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართება.