ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქალაქში მასობრივი დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტების ჯგუფები კომენდანტის საათის მიუხედავად არ დაიშალნენ
ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქალაქში მასობრივი დაკავებები დაიწყო მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების ჯგუფები კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ არ დაიშალნენ.
„ამ ჯგუფებთან დაკავშირებით ხორციელდება რეაგირება და დაწყებულია მასობრივი დაკავებები“, – ნათქვამია ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
მანამდე, კომენდანტის საათის ამოქმედებამდე პოლიციაში განაცხადეს, რომ დაკავებულია ათობით ადამიანი.
ლოს ანჯელესის ცენტრალურ რაიონში, ქალაქის იმ ადგილში, სადაც საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ დემონსტრაცია მიმდინარეობს, კომენდანტის საათი გამოცხადდა. ქალაქის მერის, კარენ ბასის თქმით, კომენდანტის საათი ადგილობრივი დროით საღამოს 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს და, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. კომენდანტის საათი ერთი კვადრატული მილის ტერიტორიაზე გავრცელდება. კარენ ბასის თქმით, ეს ზომა საჭიროა ვანდალიზმის აღსაკვეთად.
კალიფორნიაში საიმიგრაციო აღსრულების სამსახურის რეიდების წინააღმდეგ დემონსტრაციები პარასკევიდან მიმდინარეობს. არეულობის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასული კვირის ბოლოს ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის დანაყოფების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო აშშ-ის, სულ მცირე, ათ ქალაქში.