ლოს ანჯელეს „კლიპერსის“ მესამე მარცხი მიმდინარე სეზონში
ლოს ანჯელეს „კლიპერსის“ მესამე მარცხი მიმდინარე სეზონში

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე რეგულარულ სეზონში ლოს ანჯელეს „კლიპერსმა“ მესამე მარცხი განიცადა. კალიფორნიულმა კლუბმა საკუთარ „სტეიპლზ ცენტრში“ მემფის „გრიზლისთან“ წააგო.

დასავლეთ კონფერენციის გუნდების დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. სტუმრები, თითქმის, მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა სოლიდური სხვაობით დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ.

მეოთხე მეოთხედის შუა ნაწილში „კლიპერსი“ ოთხ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს და თამაშს ინტრიგა დაუბრუნდა.

მემფისელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ლიდერები მაიკლ კონლი და მარკ გასოლი მალევე დააბრუნა მოედანზე და სწორედ ეს აღმოჩნდა მატჩის გარდამტეხი მომენტი.

კონლიმ ზედიზედ ორი რთული ბურთი ჩააგდო, რასაც გასოლის შორეული ზუსტი სამქულიანი მოყვა და „გრიზლი“ 11 ქულით გაიქცა. მასპინძლებმა დარჩენილ დროში ვეღარ შეძლეს შეხვედრის შემოტრიალება და 104-113 დამარცხდნენ.

გამარჯვებულთა შორის მაიკლ კონლიმ 22 ქულა მოაგროვა. მარ გასოლის მონაგარმა კი 21 ქულა შეადგინა.

„კლიპერსის“ რიგებში, მორიგი ორმაგი დუბლი გააკეთა ბლეიკ გრიფინმა, რომლის ანგარიშზეც 30 ქულა და 11 მოხსნა დაფიქსირდა. ამ წაგების შემდეგ, ლოს ანჯელესის კლუბი, დასავლეთ კონფერენციაში, მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

მემფის გრიზლი, ამ მომენტისთვის, ჰიუსტონ „როკეტსის“ შემდეგ, იმავე კონფერენციაში, მეორე პოზიციაზე იმყოფება.