ლორთქიფანიძის ქუჩაზე ფერდის ნაწილის ჩამოშლის გამო, ათსართულიანი კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს, ისინი სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდებიან
ლორთქიფანიძის ქუჩაზე ფერდის ნაწილის ჩამოშლის გამო, ათსართულიანი კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს, ისინი სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდებიან

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დატოვა სამშენებლო მოედნის შემოფარგლული ტერიტორია სადაც კლდის ფერდი ჩამოიშალა.

ირაკლი ბენდელიანი ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. მისი თქმით, პირველადი ამოცანა მოქალაქეების უსაფრთხოებაა და აქედან გამომდინარე, მოხდება მათი ევაკუაცია, ასევე დაიწყება ჩამოშლილი კლდის ფერდის გამაგრებითი სამუშაოები და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრდება საცხოვრებელი კორპუსი.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, ოთარ ლორთქიფანიძის 10 ნომერში მცხოვრები მოქალაქეები სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდებიან.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, სპეციალისტები ამ წუთებში სწავლობენ შემთხვევის ადგილს, რათა დადგინდეს, დაზიანდა თუ არა ათსართულიანი კორპუსი მშენებლობის შედეგად.

თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, რომ პირველადი მონაცემებით, ლორქიფანიძის 10 ნომერში მდებარე კორპუსში, რომლის გვერდითაც კლდის მასა ჩამოიშალა, დაახლოებით 90 ოჯახი ცხოვრობს.

„ძირითადად არის სამი სასტუმრო, სადაც დიდი ნაწილი მოსახლეობის ახლა გადაგვყავს უკვე კოორდინირებულად. არის გარკვეული ნაწილი ოჯახების, რომლებიც საკუთარი მანქანებით გადაადგილდებიან და არა ჩვენ მიერ ორგანიზებული ავტობუსებით, თუმცა ესენიც სხვადასხვა სასტუმროებში გადანაწილდებიან. დღეს ყველა ოჯახი ღამეს დაცულ ადგილზე და კომფორტულად გაატარებს. ყველა ადამიანისთვის გამოყოფილია სასტუმრო ნომერი და მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევთ ყველას. პარალელურად, ხვალ დილიდან დავიწყებთ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესწავლას, რაც ნიშნავს, რომ პირველ რიგში, უნდა გამოვიკვლიოთ კონკრეტულად ამ კორპუსის მდგრადობა, ანუ თუ რა დამატებითი ჩარევა არის საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ამ კონკრეტულ კორპუსს, საიდანაც ხალხის გაყვანას ვაკეთებთ, დასჭირდება გამაგრებითი სამუშაოები, ამაზეც დაუყოვნებლივ დავიწყებთ სამუშაოებს. ეს არის პირველადი ინფორმაცია, რაც შემიძლია გითხრათ.

სამშენებლო სამუშაოები კორპუსის ნაწილში შეჩერებულია, ბუნებრივია. ერთადერთი სამუშაოები, რაც რამდენიმე დღეში დაიწყება, არის კონკრეტულად ჩამოშლილი ფერდის გამაგრება, სხვა ყველანაირ მშენებლობაზე აქ ჯერჯერობით საუბარი ზედმეტია. პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ამ მოცულობის მიწის ჩამოშლა მოხდა, გარკვეულ საფრთხეებზე გვაქვს საუბარი, როგორ შეიძლება ახლა ორი და სამი საათის ფონზე გითხრათ კონკრეტული პირები, ვინები არიან პასუხისმგებლები. დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნომერი პირველი ამოცანა არის, თითოეულმა ოჯახმა ღამე უსაფრთხოდ გაატაროს. დანარჩენი, ვისი პასუხისმგებლობა იყო მშენებლობა, რამდენად ნორმების დაცვით მიმდინარეობდა და ასე შემდეგ, მერწმუნეთ, არავის ხელს არ დავაფარებთ, ვინც საჭირო იქნება, სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. უბრალოდ, ახლა რომ დაგიკონკრეტოთ ვისი პასუხისმგებლობა არის, გამიჭირდება“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.