ლორან ნუნიესი – ბოლო თვეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე გახდა, მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო

00:16, 21.10.2026

ბოლო თვეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე გახდა, მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა სენატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულ ქვეყნებში ბოლო წლებში გააქტიურებული უცხოური ჩარევის მცდელობების მიზანია დემოკრატიული პროცესების დაზიანება და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტება.

„ბოლო თვეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე გახდა. მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო. რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 6 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გააუქმა უცხოურ ჩარევასა და ინტერნეტში ინფორმაციის მასშტაბურ მანიპულაციასთან დაკავშირებული ეჭვების ფონზე. საფრანგეთი შეცდებოდა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ექვსი თვით ადრე თავი დაცულად რომ მიეჩნია“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საფრანგეთი მტრული ძალებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა ქვეყნის დიპლომატიური გავლენის, ევროპული ჩართულობისა და საერთაშორისო ასპარეზზე დაკავებული ადგილის გამო.

„ეს ქმედებები განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან მათი განხორციელება შედარებით მარტივია. მათ, ვისაც ჩვენი დემოკრატიების დესტაბილიზაცია სურთ, არჩევნების ორგანიზებაში ჩარევა ან, მით უმეტეს, შედეგების შეცვლა არ სჭირდებათ. საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები მანიპულირებული იყო. ასეთ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი