ლორა თორნტონი - მაღალია განცდა, რომ მედია დეზინფორმაციას ავრცელებს
ლორა თორნტონი - მაღალია განცდა, რომ მედია დეზინფორმაციას ავრცელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით მოსახლეობა გაყოფილია.

როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა განაცხადა, მოქალაქეების თითქმის 40 პროცენტის შეფასებით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით, 29 პროცენტის აზრით კი, სწორი მიმართულებით ვითარდება.

„დანარჩენი 29 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება. გამოკითხვის თანახმად, მაღალია განცდა, რომ ქართული მედია დეზინფორმაციას უწყობს ხელს. მოსახლეობის 68 პროცენტმა განაცხადა, რომ ქართული ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ, რაც აღემატება იმ ადამიანების რიცხვს (45 პროცენტი), რომლებიც ამავეს ფიქრობენ რუსული არხების შესახებ. მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ რუსეთი (57 პროცენტი), ევროკავშირი (47 პროცენტი) და აშშ (45 პროცენტი) საკუთარი ინტერესების გატარების მიზნით საქართველოში ინფორმაციას ავრცელებენ. თუმცა მოსახლეობის 48 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი ცრუ და ტყუილ ინფორმაციას ავრცელებს. მოსახლეობის 25 პროცენტის აზრით, ევროკავშირი და 26 პროცენტის აზრით, აშშ-ც მიმართავენ მსგავს დეზინფორმაციას საქართველოში. ქართული მედიისადმი გამოხატული ასეთი მაღალი უნდობლობა მაუწყებლებისთვის და ჟურნალისტებისთვის საგულისხმო უნდა იყოს,“ – განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა.

მისივე თქმით, დეზინფორმაციის პრობლემა გლობალური გამოწვევაა, რომელიც დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს საფრთხეს უქმნის. ამ პირობებში აუცილებელია, რომ საქართველომ მოსახლეობისთვის სანდო მედია სივრცის შექმნას შეუწყოს ხელი.

მისივე თქმით, მოსახლეობის მხოლოდ 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო, მაშინ როცა 42 პროცენტისთვის ეს ცუდი იყო.