ლორა თორნტონი - ახალგაზრდა ამომრჩევლები ელოდებიან, პარტიები დამაჯერებელ იდეებს როდის შესთავაზებენ
ლორა თორნტონი - ახალგაზრდა ამომრჩევლები ელოდებიან, პარტიები დამაჯერებელ იდეებს როდის შესთავაზებენ

როგორც ჩანს, მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ამომრჩევლები ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში არიან და ელოდებიან, თუ როდის შესთავაზებენ პარტიები დამაჯერებელ იდეებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განსხვავდებიან სხვა პარტიებისგან და როგორ აპირებენ უკეთესი შედეგების მიღწევას, მანამდე კი, პარტიების მხარდაჭერის მონაცემებში დიდ ცვლილებებს ნაკლებად უნდა ველოდოთ – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა განაცხადა, რომელმაც დღეს პოლიტიკური კვლევის შედეგები წარადგინა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტში აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ამომრჩევლებსა და არჩეული თანამდებობის პირებს შორის მზარდი კომუნიკაციის პრობლემაა და მოსახლეობის უმეტესობა ელოდება, რომ პარლამენტის წევრი პარტიისა (75 პროცენტი) და საკუთარ ინტერესებს (55 პროცენტი) დაიცავს და არა მოქალაქეებისას (41 პროცენტი).

„ასეთი განწყობები განსაკუთრებით თბილისში ჭარბობს. „ქართული ოცნების” მხარდამჭერები პარლამენტისადმი უფრო პოზიტიური მოლოდინებით გამოირჩევიან. მათი 67 პროცენტი ფიქრობს, რომ დეპუტატები მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ. გამოკითხვის შედეგები ასევე აჩვენებს, რომ მოქალაქეების პარლამენტთან კომუნიკაცია ძალიან დაბალია: მოსახლეობის 3 პროცენტზე ნაკლებს მიუმართავს თხოვნით პარლამენტარისთვის ან დასწრებია კომიტეტის სხდომას. თუმცა, მოსახლეობის 10 პროცენტი ამბობს, რომ დასწრებია პარლამენტის ან დეპუტატის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრას”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

NDI-ის ცნობით, მოსახლეობის მხოლოდ 24 პროცენტმა შეძლო სწორად დაესახელებინა პარლამენტში საკუთარი მაჟორიტარის ვინაობა, რაც გასული წლის მონაცემთან შედარებით, 30 პროცენტით ნაკლებია.

„მოსახლეობის მხოლოდ ერთ მეოთხედს სმენია 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო ინიციატივის – საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ. მათგან მხოლოდ 39 პროცენტი ამბობს, რომ საკმარისი ინფორმაცია აქვს ამ ცვლილებების შესახებ და მხოლოდ 6 პროცენტს მიაჩნია, რომ ცვლილებები სრულად ასახავს მოსახლეობის აზრს“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

ლორა თორნტონი აღნიშნავს, რომ პარლამენტის წევრებს არაერთი შესაძლებლობა აქვთ, რომ მოსახლეობის მეტი ჩართულობა უზრუნველყონ და უკეთ წარმოაჩინონ თუ როგორ ემსახურებიან ამომრჩევლების ინტერესებს.

„ასეთი საშუალებებია: საჯარო შეხვედრები, ღია კარის საათები, პარლამენტის უფრო ღია დაწესებულებად ქცევა, სხვადასხვა საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება, კანონშემოქმედების პროცესში მოსახლეობის ჩართვა და სხვა. ეს საკითხი პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლასთან ერთად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან საარჩევნო სისტემის ცვლილებას მაჟორიტარული ბიუროების გაუქმება მოყვება“, – აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

NDI-ში აღნიშნავენ, რომ პოლიტიკოსებისადმი ასეთი დაბალი მოლოდინების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი უჭერს მხარს რომელიმე პარტიას.

„ეს განსაკუთრებით საინტერესო მიგნებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოკითხვა არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში ჩატარდა და პარტიული მხარდაჭერის მონაცემები თითქმის უცვლელია წინა კვლევებთან შედარებით. შეკითხვაზე თუ რომელია თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, 31 პროცენტმა დაასახელა “ქართული ოცნება”, 10 პროცენტმა – „ნაციონალური მოძრაობა”, 4 პროცენტმა – “ევროპული საქართველო”, 3 პროცენტმა კი – “პატრიოტთა ალიანსი”. პარტიების მხარდაჭერა კიდევ უფრო დაბალია ახალგაზრდებში. მსგავსი მონაცემებია კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას: 27 პროცენტი “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 10 პროცენტი – “ნაციონალურ მოძრაობას”, 3 პროცენტი კი – “ევროპულ საქართველოს”, – აღნიშნავენ NDI-ში.

ზემოთ აღნიშნული საკითხების გარდა, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში საუბარია პოლიტიკაში ქალთა ჩართულობაზეც.

„მოქალაქეები კვლავ უკმაყოფილონი არიან საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების წინაშე არსებული ბარიერებით. მათ მიაჩნიათ, რომ პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ქალია და მხარს უჭერენ გენდერული კვოტის შემოღებას (63 პროცენტი). უმეტესობა ასევე მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა (81 პროცენტი) და ადრეული ქორწინება (72 პროცენტი) დღეს ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს. მოსახლეობას საკმაოდ ფართოდ ესმის სექსუალური შევიწროების არსი. 80 პროცენტზე მეტი თანხმდება, რომ ადამიანისგან კარიერული წინსვლის სანაცვლოდ სექსუალური ხასიათის ქმედებების მოთხოვნა, სექსუალური შინაარსის კომენტარებით და სხვა ქცევებით სამსახურში არაკომფორტული და უხერხული გარემოს შექმნა და საზოგადოებრივ სივრცეში უცხო ადამიანზე განზრახ შეხება სექსუალური შევიწროებაა. მოქალაქეების უმრავლესობა (77 პროცენტი) მხარს უჭერს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის შემოღებას“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ლორა თორნტონი ამბობს, რომ მოსახლეობა დიდი ხანია პოლიტიკაში ქალების მეტ ჩართულობას ითხოვს, თუმცა პოლიტიკოსები ამ მოთხოვნას ფეხს ვერ უწყობენ.

„სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვით იზრდება მოსახლეობის მიერ გამოკვეთილი ისეთი პრობლემების გადაჭრის ალბათობა, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და ადრეული ქორწინება“, – ამბობენ NDI-ში.

აღნიშნული გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2017 წლის 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მისი ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.