ლონდონში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდი გაიმართა
ლონდონში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდი გაიმართა

ლონდონში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდი გაიმართა. დელეგაციის წარმომადგენლებს მიმართეს და დიალოგს უძღვებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს უორდროპის სტრატეგიული დიალოგის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობათა ფართო სპექტრს და ჩამოყალიბდა, როგორც ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისკენ მიმართული რეგულარული ფორმატი.

„მინისტრები მიესალმნენ გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ შესანიშნავ პოლიტიკურ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც აისახება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები. დიდი ბრიტანეთის მხარე მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივისაღიარების შესახებ.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს და ქართულ მხარეს აღუთქვა ბრიტანეთის განგრძობითი მხარდაჭერა ამ მიმართულებით. გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს.

საუბარი ასევე შეეხო მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას რეგიონში. უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას და ამ პროცესში უკრაინის მხარდაჭერას როგორც გაერთიანებული სამეფოს, ისე საქართველოს მხრიდან.

აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, ასევე დადებითად შეფასდა ალიანსის მიერ საქართველოს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა.

აღინიშნა საქართველოს როლი გლობალურ უსაფრთხოებაში და მის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი ამ ძალისხმევაში. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობა და გამოთქვეს მზადყოფნა, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში, ხელი შეუწყონ თავისუფალი სავაჭრო შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას.

მხარეებმა იმსჯელეს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს მზარდ თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. შეხვედრაზე განიხილეს კულტურისა და ხალხთა შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობაც.

ასევე, მინისტრები მიესალმნენ გასულ წელს აღნიშნულ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავს და დაადასტურეს საიუბილეო თარიღის მნიშვნელობა არსებული პარტნიორული კავშირების შემდგომი გაძლიერების თვალსაზრისით“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდის ფარგლებში, სამუშაო სესიები გაიმართა პოლიტიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით. უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, გაერთიანებულმა სამეფომ და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას რეადმისიის შესახებ და შეთანხმებას საჰაერო მიმოსვლის შესახებ.