ლონდონში, ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე 25 ადამიანი დააკავეს

ლონდონში, ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე 25 ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა 26 სამართალდამცველი. შესაბამის ინფორმაციას ლონდონის პოლიცია ავრცელებს.

საპროტესტო გამოსვლაში 150 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პარალელურად, ბრიტანეთის დედაქალაქში კონტრაქცია გაიმართა სახელწოდებით „წინ აღვუდგეთ რასიზმს“.

თავდაპირველად დემონსტრაცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა აქციაზე ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც ზოგიერთმა დემონსტრანტმა სამართალდამცველებს ბოთლები და სხვა ნივთები ესროლა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა დაგმო მათი ქმედებები, ვინც პოლიციის ოფიცრებს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა.

„ყველა, ვინც მონაწილეობდა დანაშაულებრივ ქმედებებში, კანონის სრულ ძალას წააწყდება“, – თქვა მინისტრმა.

ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვდნენ. დემონსტრანტებს ვიდეოკავშირის საშუალებით ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმაც მიმართა. მან „მასობრივ უკონტროლო მიგრაციაზე“ ისაუბრა და დიდ ბრიტანეთში მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდა.

„რაღაც უნდა გაკეთდეს. პარლამენტი უნდა დაიშალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა ილონ მასკმა.

​შეგახსენებთ, რომ 42 წლის ტომი რობინსონი გასული წლის ოქტომბერში დააპატიმრეს სასამართლო ორდერის უგულებელყოფის გამო, რომლითაც მას სირიელი ლტოლვილის შესახებ ცილისწამების გამეორება აუკრძალეს.