ლონდონში საპროტესტო აქციის მონაწილეები ტრამპს არალიბერალურ პოლიტიკაში ადანაშაულებენ
ლონდონში საპროტესტო აქციის მონაწილეები ტრამპს არალიბერალურ პოლიტიკაში ადანაშაულებენ

ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები გაერთიანებულ სამეფოში დონალდ ტრამპის ვიზიტს აპროტესტებენ. მოედანზე გიგანტური მონიტორია დამონტაჟებული.

დემონსტრანტების მსვლელობა რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში 100 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. აქტივისტები სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპს არალიბერალურ პოლიტიკაში ადანაშაულებენ.

დემონსტრაციაში ქალთა უფლებადამცველები, სტუდენტები, ლგბტ თემის წევრები და სხვა მოქალაქეები მონაწილეობენ. რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთმა აქტივისტმა დონალდ ტრამპი ფარისევლობაში დაადანაშაულა.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ აბორტი ბავშვის მკვლელობაა, თუმცა თავად მიგრანტ ქალებს შვილები წაართვა. როგორ ბედავს ტრამპი ადამიანის უფლებებზე საუბარს!“ – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა სიტყვით გამოსვლისას ტრაფალგარის მოედანზე.

აქცია ტრამპის წინააღმდეგ ლონდონში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ დემოკრატიული და თავისუფალი სამყაროს ლიდერი სახელმწიფოს პრეზიდენტი, ვისთვისაც რბილი საიმიგრაციო პოლიტიკა, ლგბტ თემის უფლებები და ქალთა უფლებები მიუღებელია, გაერთიანებულ სამეფოში არასასურველი სტუმარია. მათი თქმით, საპროტესტო აქცია სწორედ ამ გზავნილს შეიცავს.